ЭКОНОМИКА

აფხაზეთის ისტორიული ფესვების წრმომავლობა ნაწილი (მეოთხე)

20.11.15 20:20


მიუხედავად "სათხოვარი პუნქტებისა" და "ფიცის" ტექსტების ხელმოწერისა, აფხაზ ხალხს XIX ს. 70-იანი წლების ბოლომდე არ შეუწყვეტია უთანასწორო ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. 1864წ. 27 მარტს კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი, ასაბუთებდა რა აფხაზეთის სამთავროს გაუქმების აუცილებლობასა და მიზანშეწონილობას, წერდა, რომ "მადლიერი მოკავშირის ნაცვლად რუსეთმა მიიღო აფხაზეთში ურჩი და ვერაგი მონა, რომელიც მზადაა მეტად გულთბილად დახვდეს მის ნაპირებთან გამოჩენილ ჩვენს ნებისმიერ მტერს. ასე მოიქცა იგი გასულ ომში (1853-1856წწ. – ავტ.) ... ამჟამადაც ვერც ერთი ჯარისკაცი ვერ გაბედავს სოხუმიდან ორ კილომეტრში გასვლას ისე, რომ მოკვლის საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს, ვერც ერთი უფროსი ვერ გაბედავს ამ მხარეში მოგზაურობას დაცვის ძლიერი რაზმის თანხლების გარეშე...

ასეთ მდგომარეობაში მხარის ყოფნის გამო არის თუ არა რუსეთისთვის მომგებიანი და შეესაბამება კი სამართლიანობისა და კაცთმოყვარეობის გრძნობას მხარის დატოვება მისი ამჟამინდელი მმართველი მთავრის ხელში.
პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს სრულიად საზიანო იქნებოდა. ამ მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში აფხაზეთი ყოველთვის წარმოადგენდეს იქნება გამზადებულ პლაცდარმს და საფუძველს ზღვის მხრიდან ამიერკავკასიის წინააღმდეგ მტრის მოქმედებისთვის~. მეფისნაცვალი აყენებდა სამთავროს გაუქმების, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს დაქვემდებარებული სამხედრო ოკრუგის შექმნის, ენგურის შესართავამდე ზღვის მთელს სანაპიროზე კაზაკური დასახლებების დაფუძნების წინადადებას. 1864წ. აპრილში იმპერატორმა მოიწონა მეფისნაცვალის წინადადებები. ამით 1810 წ. 17 თებერვლის მანიფესტმა რუსეთის მფარველობაში აფხაზეთის მიღების შესახებ იურიდიული ძალა დაკარგა.
რუსეთ-კავკასიის ომის დასრულების (1864წ. 21 მაისი) შემდეგ დადგა აფხაზეთის სამთავროს გაუქმების ჟამი. 1864წ. ივნისში აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე თანამდებობიდან გადააყენეს და რეგიონში რუსული მმართველობა შემოიღეს. შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება, 1883წლიდან – სოხუმის ოკრუგი ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში. 1903წლიდან ოკრუგი, რომელსაც მომდევნო წელს გაგრა ჩამოაჭრეს (შავი ზღვის გუბერნიის მიუერთეს), უშუალოდ მეფისნაცვალის კანცელარიას ექვემდებარებოდა, თუმცა ადმინისტრაციული (საპოლიციო, სამობილიზაციო) და სასამართლო საკითხები კვლვ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის გამგებლობაში რჩებოდა.
აფხაზეთის სამთავროს გაუქმებამ, რუსული მმართველობის შემოღებამ მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია და 1866 წლის აჯანყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო აჯანყება და 1867 წელს 20 ათასზე მეტი აფხაზი იძულებით თურქეთში გადაასახლა (მუჰაჯირობა). მასობრივი მუჰაჯირობის მორიგი ტალღა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომს უკავშირდება. სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებულმა თითქმის 32 ათასმა აფხაზმა დატოვა მაშინ სამშობლო. ეს იყო უდიდესი სახალხო ტრაგედია. მუჰაჯირობის შედეგები ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა, რომ არა ქართული სამღვდელოების წარმატებული მისიონერული მოღვაწეობა აფხაზეთში ამჟამად წმინდანებად შერაცხული მღვდელმთავრების ალექსანდრესა (ოქროპორიძე) და გაბრიელის (ქიქოძე) ხელმძღვანელობით. 25 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ ისინი საქართველოს საეგზარქოსოში შემავალ აფხაზეთის ეპარქიას, მონათლეს რამდენიმე ათეული ათასი აფხაზი. სწორედ, ამან იხსნა მთელი ხალხი თურქეთში განდევნისგან, შესაბამისად, რუსეთის მიერ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიიდან ერთიანად გასახლებული უბიხებისა და სხვა მთიელების მსგავსად, სრული ფიზიკური განადგურებისგან.
"არასაიმედო" აფხაზების კიდევ უფრო შევიწროების მიზნით მთავრობამ სხვა მკაცრი ზომებიც მიიღო. იმპერატორის 1880წ. 31 მაისის ბრძანებულებით, ისინი "დამნაშავე ერად" გამოცხადნენ, რამაც ხალხის დისკრიმინაცია, სოციალურ და პოლიტიკურ უფლებებში მთელი აფხაზური მოსახლეობის შეზღუდვები გამოიწვია.
კავკასიაში ომის ძლევამოსილად დამთავრების, მთელი ერების განადგურებისა და მშობლიური ადგილებიდან გასახლების, განსაკუთრებით აფხაზთა დაშოშმინებისა და უკიდურესად დასუსტების შემდეგ რუსეთმა გაამკაცრა კოლონიური პოლიტიკა საქართველოში. აფხაზეთთან მიმართებაში ეს გამოიხატებოდა რუსებით, სომხებით, ბერძნებით და იმპერიისადმი ლოიალურად განწყობილი სხვა ხალხებით (იმ პერიოდში აფხაზეთის შიდა რაიონებში ბრუნდებოდა XVIIს. ბოლოს იქიდან გამოდევნილი ქართველების შთამომავლებიც) მხარის დაჩქარებულ კოლონიზაციაში; სკოლისა და ეკლესიის რუსიფიკაციაში; ქართული მოსახლეობის შევიწროებაში; სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან ქართული ენის განდევნაში; ქართველთა და აფხაზთა დაპირისპირების ხელოვნურად პროვოცირებაში და გამწვავებაში. აფხაზთა მიმართ მთავრობა "მათრახისა და თაფლისკვერის" პოლიტკიას ატარებდა. მუჰაჯირობის შედეგად აფხაზობა იმდენად დასუსტდა, რომ რეალურ პოლიტიკურ ძალას და იმპერიისთვის საფრთხეს ის უკვე აღარ წარმოადგენდა. ამ ვითარებაში მთავრობა ცდილობდა აფხაზთა უკმაყოფილების რეგიონში დემოკრატიული და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდის-ქართველების წინააღმდეგ მიმართვას. "გათიშე და იბატონეს" იმპერიულმა პოლიტიკამ პირველი რეალური შედეგები რუსეთის 1905-1907 წლების დემოკრატიული რევოლუციის პერიოდში გამოიღო. ყველასგან მოულოდნელად აფხაზებმა მაშინ არა რევოლუციას, არამედ თვითმპყრობლობას დაუჭირეს მხარი. ამ მოვლენის მიზეზები აფხაზური საზოგადოების სოციალური წყობის თვისებურებებში (სოციალური ჩაგვრისა და კლასობრივი დაპირისპირების არარსებობა), ცარიზმის მიზანმიმართულ ანტიქართულ პოლიტიკაში, პოლიტიკურად დასასუსტებელი აფხაზობის მნიშვნელოვანწილად რუსიფიკაციაში, 1880 წელს წართმეული უფლებების აღდგენისკენ ბუნებრივ მისწრაფებაში უნდა ვეძიოთ. ამ სურვილის მიღწევა მართლაც მოხერხდა. 1907წ. 27 აპრილს ნიკოლოზ II, გაითვალისწინა რა აფხაზთა "დამსახურებები" რევოლუციის წლებში, დაამტკიცა მთავრობის მიერ წარდგენილი დებულება "სოხუმის ოკრუგის მოსახლეობის მიწათმფლობელობის უფლებები გათანაბრების შესახებ". ამით აფხაზი ხალხი "დამნაშავე ერის" დამთრგუნველი და დამამცირებელი წოდებისგან განთავისუფლდა.
როგორც 1905-1907 წლების რევოლუციის დროს, ისე განსაკუთრებით მისი დამარცხების შემდეგ დაწყებული რეაქციის პირობებში მთავრობა ცდილობდა ქართველთა და აფხაზთა შორის უფსკრულის გაღრმავებას. XXს. დასაწყისიდან უკვე ჰქონდა ადგილი საქართველოს საეგზარქოსოსგან აფხაზეთის გამოყოფის წარუმატებელ მცდელობას. აკადემიურ წრეებში მუშავდებოდა იდეოლოგია "აფხაზეთი-საქართველო არ არის", რომელიც აქტიურად ინერგებოდა აფხაზი ხალხის ცნობიერებაში. ცარიზმის ყველა მცდელობის, ქართველთა და აფხაზთა დაპირისპირების რამდენადმე გამწვავების მიუხედავად, ამ ხალხებმა 1916-1917 წლებში ერთობლივად დაიცვეს საქართველოს საეგზარქოსოსა და სოხუმის ეპარქიის ერთიანობა, ჩაშალეს რა საეგზარქოსოსგან სოხუმის ეპარქიის, ამ უკანასკნელისგან კი სამურზაყანოს სამრევლოების გამოყოფის სინოდისეული გეგმის განხორციელება.
1917 წ. თებერვლის დემოკრატიული რევოლუციისა და ცარიზმის დამხობის შემდეგ ვითარება მთელს იმპერიაში, მათ შორის კავკასიასა და თვით აფხაზეთშიც შეიცვალა. ახალ პირობებში ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარმოადგენდნენ რუსეთში-დროებითი მთავრობა, ამიერკავკასიაში-ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი (რომლის სათავეში სამურზაყანოელი აკ. ჩხენკელი იდგა), სოხუმის ოკრუგში - საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტი (შეიქმნა 1917წ. 10 მარტს ალ. შარვაშიძის თავმჯდომარეობით). სოხუმის ქალაქის თავის თანამდებობა ბ. ჩხიკვიშვილს ეკავა. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, აფსუა-აფხაზები და მათი პოლიტიკური ლიდერები ძლიერ თანაუგრძნობდნენ ჩრდილო-კავკასიელ მთიელთა გამაერთიანებელ მოძრაობას. 1917 მაისში შეიქმნა მთიელთა ცენტრალური კომიტეტი (მთავრობა), რომელმაც აფხაზეთში თავისი წარმომადგენელი მიავლინა. აფხაზი ხალხის ყრილობამ (1917წ. 7-8 ნოემბერი) მიიღო გადაწყვეტილება მთიელთა კავშირში გაწევრიანების შესახებ, დაამტკიცა აფხაზთა სახალხო საბჭოს დეკლარაცია და კონსტიტუცია, აირჩია სახალხო საბჭოს შემადგენლობა (თავმჯდომარე ს. ბასარია). საბჭო მხოლოდ აფხაზი ხალხის ეროვნულ-პოლიტიკურ ორგანოს წარმოადგენდა, იცავდა მის ინტერესებს და ან მხარის მთავრობის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს როლზე პრეტენზიას არ აცხადებდა. მან თავისი წარმომადგენელი მიავლინა მთიელთა მთავრობაში, რომელსაც (სააშხაწავა) აფხაზეთის საკითხებში მინისტრის~ თანამდებობა ერგო. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩრდილოეთ კავკასიასთან პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება, სეპარატისტთა მტკიცების მიუხედავად, სულაც არ ნიშნავდა მის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლას. სოხუმის ოკრუგი ადმინისტრაციულად ამიერკავკასიის ნაწილად რჩებოდა. აფხაზეთის ტერიტორიაზე პრეტენზიას არც მთიელთა კავშირის დროებითი მთავრობა აცხადებდა. 1917წ. 4 დეკემბერს მის მიერ გამოცემულ დეკრეტში ნათქვამია: ზაქათალისა და სოხუმის ოკრუგების მიმართ მთიელთა დროებით მთავრობას ძალაუფლება აქვს ეროვნული და პოლიტიკური ხასიათის საკითხებში, ხოლო მთიელთა მთავრობის სახელმწიფოებრივი ძალაუფლების ახლავე და მთლიანად გავრცელება ამ ოკრუგებზე გადასაწყვეტად მიენდოს ზაქათალისა და სოხუმის ოკრუგების სახალხო საბჭოებს~. აფხაზთა სახალხო საბჭოს არასოდეს მიუღია აფხაზეთის ჩრდილოეთ კავკასიასთან სახელმწიფოებრივი გაერთიანების გადაწყვეტილება. უფრო მეტიც სოხუმის ოკრუგის გლეხთა II ყრილობამ( 1918წ. 4-9 მარტი) გადაწყვიტა, რომ აფხაზეთი შედის ამიერკავკასიის ხალხების საერთო შემადგენლობაში როგორც მისი თანასწორუფლებიანი წევრი, რათა მან თავისი უკეთესი მომავალი დემოკრატიულ საქართველოსთან ერთად გამოჭედოს.
ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი, რომლის იურისდიქციის ქვეშ აფხაზეთი იმყოფებოდა, 1917წ. 11 ნოემბერს დროებითმა მთავრობამ – კომისარიატმა შეცვალა (თავმჯდომარე ე. გეგეჭკორი). სახელმწიფო გადატრიალების გზით რუსეთის სათავეში მოსული ბოლშევიკების მიერ სახელმწიფო სათათბიროს დათხოვნის (1917წ. 5 იანვარი) შემდეგ კომისარიატმა გეზი ამიერკავკასიის დამოუკიდებლობისკენ აიღო. 1918წ. 10 თებერვალს დათხოვნილი სათათბიროს ამიერკავკასიელმა დეპუტატებმა ჩამოაყალიბეს ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადა (1918წ. 9 აპრილი). სეიმის მიერ დანიშნულ ამიერკავკასიის მთავრობას კვლავ ა. ჩხენკელი ჩაუდგა სათავეში. აფხაზეთი დამოუკიდებელი ამიერკავკასიის სახელმწიფოს შემადგენლობაში შემოდიოდა.
ამიერკავკასიის სახელმწიფოებრივი მოწყობის პარალელურად მის შემადგენლობაში შემავალი ერების თვითგამორკვევის პროცესიც მიმდინარეობდა. ამ პროცესის ფარგლებში 1918წ. 9 თებერვალს თბილისში გაიმართა ქართული ეროვნული საბჭოსა და აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენელთა შეხვედრა. საქმიანი დისკუსიის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, "საზღვრებში მდ. ენგურიდან მდ. მზიმთამდე აღდგეს ერთიანი, განუყოფელი აფხაზეთი, რომლის შემადგელობაშიც შევიდოდნენ საკუთრივ აფხაზეთი და სამურზაყანო". აფხაზეთის მომავალი პოლიტიკური მოწყობის ფორმა დემოკრატიული წესით არჩეულ დამფუძნებელ კრებას უნდა გადაეწყვიტა. იმ დროისთვის ამიერკავკასიის მთავრობის ძალისმევით პრაქტიკულად გადაწყდა გაგრის ზონის კვლავ სოხუმის ოკრუგის შემადგენლობაში დაბრუნების საკითხი. წინასწარი გადაწყვეტილება ამ საკითხზე 1917წ. 30 ოქტომბერს მიიღო ამიერკავკასიის განსაკუთრებულმა კომიტეტმა ა. ჩხენკელის თავმჯდომარეობით. ამიერკავკასიის კომისარიატმა ე. გეგეჭკორის თავმჯდომარეობით 1917წ. 7 დეკემბერსსაბოლოოდ დაადგინა: "გაუქმდეს 1904 წლის 25 დეკემბერს უზენაესად დამტკიცებული მინისტრთა კომიტეტის დებულება, აღდგეს სოხუმის ოლქის ძველი ისტორიული საზღვრები მის შემადგენლობაში გაგრისა და ბზიფის რაიონების შეტანის გზით."
1918 წ. ზამთარსა და გაზაფხულში რუსმა ბოლშევიკებმა ორჯერ სცადეს აფხაზეთის დაპყრობა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარება, მაგრამ ამიერკავკასიის სეიმისა და მთავრობის გადაწყვეტილებით ქართულმა ეროვნულმა გვარდიამ 1918წ. 17 მაისს სოხუმი გაანთავისუფლა. 20 მაისს აფხაზთა სახალხო საბჭომ დაადასტურა საკუთარი და ასევე ოკრუგის გლეხთა II ყრილობის გადაწყვეტილებები აფხაზეთის ამიერკავკასიის ხალხების საერთო ოჯახში ყოფნის შესახებ. აშკარა ფაქტების საპირისპიროდ, სეპარატისტული ისტორიგრაფია მთიელთა რესპუბლიკის გამოცხადების დღეს – 1918წ. 11 მაისს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღედ მიიჩნევს. გაუგებარია, როგორ აღადგინა აფხაზეთმა სახელმწიფოებრიობა რეგიონის ბოლშევიკური ოკუპაციის, სახალხო საბჭოს დათხოვნისა და მისი წევრების დაპატიმრების პირობებში და მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოსული ბოლშევიკები რეგიონს არა აფხაზეთს, არამედ სოხუმის ოლქს უწოდებდნენ. მითი სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ სეპარატისტების მიერაა გამოგონილი.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента