ЭКОНОМИКА

ქრისტიანობის გავრცელების საკითხი აფხაზეთში არქეოლოგიური მასალების მიხედვით (თავი I. საკითხის ისტორიოგრაფია და წერილობითი წყაროები. 1. აფხაზეთის ადრებიზანტიური ხანის ძეგლების შესწავლის ისტორია. 2. წერილობითი წყაროები.)

20.11.15 20:19




შ ე ს ა ვ ა ლ ი

აფხაზეთის ადრექრისტიანული ძეგლები – აქ, უპირველეს ყოვლისა, არქეოლოგიური მონაცემები და განათხარი არქიტექტურის ძეგლები იგულისხმება – ნათლად წარმოადგენენ ამ მხარის კულტურულ სიტუაციას მოცემულ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონის სიძველეებისადმი ინტერესი დიდი ხანია არსებობს და არაერთი მკვლევარი დაინტერესებულა აღნიშნული საკითხით, დღეს მაინც რჩება ერთგვარი უკმარისობის გრძნობა ამ მხარის სრულად შესწავლასთან დაკავშირებით. ჩვენთვის საინტერესო პერიოდის (IV-VIII სს.)

ძეგლთაგან ზოგიერთი ჯერაც არ გამხდარა არქეოლოგიურ კვლევის ობიექტი. არსებულ ვითარებას განსაკუთრებით ართულებს დღეისათვის შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია. თუმცა არქეოლოგიური გათხრები აფხაზეთში დღეს, და განსაკუთრებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. 2002 წლიდან კი აფხაზეთში რუსულ-აფხაზური ექსპედიცია მუშაობს, რუსულ მხარეს წარმოადგენს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტი (ა. სკაკოვი) და აღმოსავლეთის სახელმწიფო მუზეუმი (ვ. ერლიხი), აფხაზურ მხარეს კი აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევის ინსტიტუტი (გ. შამბა). მაგალითად ითხრება კოლხური კულტურის დროინდელი სამაროვანი აბგარხუკში – გუდაუთის რაიონი (ა. სკაკოვი, ა. ჯობუა, ი. წვინარია, გ. შამბა); ეშერის ნამოსახლარი (გ. შამბა, ვ. ერლიხი, ი. ქსენიფონტოვა); აჭანდარაში ბორცვ ცოუხუაზე IV-VI სს-ის სამაროვანი (ა. სკაკოვი, ა. ჯობუა, ო. ბრილოვა); ითხრება აქამდე უცნობი ადრექრისტიანული ტაძარი ლიძავაში, ბიჭვინთის მახლობლად (რ. ბარციცი); სოხუმის ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია (მ. აბრამზონი, დ. ბჟანია და სხვ.), გრძელდება სოხუმის ციხეში 1988 წელს მ. გუნბას მიერ დაწყებული ადრე შუა საუკუნეების ეკლესიის გათხრა და სხვ. ამ არქეოლოგიური გათხრების და მათი შედეგების შესახებ რეზიუმირებული ინფორმაციის მოძიება ძირითადად მხოლოდ რუსულ-აფხაზური ინტერნეტ-საიტებით არის შესაძლებელი.

დღეისათვის აფხაზეთში ადრექრისტიანული ხანის 26 არქიტექტურული ძეგლია გამოვლენილი, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო IV-VIII საუკუნეებში თავსდება. ქვემოთ თითოეულ მათგანს განვიხილავთ აღნიშნულ პუნქტებზე ცალ-ცალკე მსჯელობისას; ცალკე პარაგრაფი ეთმობა აფხაზეთის სამეკლესიან ბაზილიკებს, როგორც საერთო ქართულ არქიტექტურულ თემას, რომელიც აფხაზეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის არსებულ კონტაქტებზე მიუთითებს და აღნიშნულ პერიოდში ქართლსა და ეგრისს შორის საეკლესიო-კულტურული ერთიანობის მაჩვენებელია; შევეხებით აგრეთვე სამაროვნებსა და სამარხეულ მასალას; ნაქალაქართა და ნასახლართა ტერიტორიაზე გამოვლენილ სამზარეულო, სამეურნეო თუ სამშენებლო კერამიკას, რომლებიც ქრისტიანული სიმბოლოებითაა შემკული და რელიეფური სკულპტურის ძეგლებს, რომლებიც საეკლესიო არქიტექტურას უკავშირდება.

უძველესი ეკლესიები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, უპირველეს ყოვლისა, ზღვის სანაპიროზე არსებულ გამაგრებულ პუნქტებში ჩნდება. ეს პუნქტები რომაულ-ბიზანტიური პოლიტიკის საყრდენს წარმოადგენდა ამ რეგიონში. ქრისტიანობის გავრცელების საქმეში მნიშვლენოვანი როლი ითამაშა აქ რომაული გარნიზონების არსებობამ, რომელთა მიზანს, ერთის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის მორჩილებაში ყოლა და, მეორეს მხრივ, ჩრდილოეთიდან მოძალებული მომთაბარე ტომების შემოსევებისაგან იმპერიის საზღვრების დაცვა წარმოადგენდა. ამასთან ცნობილია, რომ ბიჭვინთასა და სებასტოპოლისში ჩაყენებული გარნიზონები უმეტესად მცირეაზიელებით იყო დაკომპლექტებული. მცირე აზია კი ის რეგიონია, სადაც თავდაპირველად გავრცელდა ქრისტიანული იდეები და, უნდა ვიფიქროთ, რომ აქ მყოფ ჯარისკაცთაგან ბევრი იქნებოდა ამ იდეებს ნაზიარები. სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ იმპულსების მიმცემი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი ქრისტიანული მსოფლხედველობისა და იდეებისა. გარდა ამისა, აფხაზეთი, როგორც ცნობილია, რომის იმპერიისაგან დევნილი პირველი ქრისტიანების გადასახლების ადგილს წარმოადგენდა, რაც აგრეთვე ხელისშემწყობი ფაქტორი უნდა ყოფილიყო აქ ახალი მრწამსის გავრცელება-დამკვიდრების საქმეში.

თავი I. ისტორიოგრაფია და წერილობითი წყაროები
§ 1. აფხაზეთის ადრებიზანტიური ხანის ძეგლების შესწავლის ისტორია

ადრე შუა საუკუნეები (IV-VIII სს.) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთული პერიოდია დასავლეთ საქართველოს ისტორიაში. ამ ხანის ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ საჭიროებს გამოკვლევასა და არქეოლოგიურ შესწავლას. ჩრდილო-დასავლეთ ლაზიკის _ აფხაზეთის, ადრებიზანტიური ხანის ძეგლების არქეოლოგიური კვლევა XX საუკუნის შუა ხანებიდან იწყება, თუმცა აფხაზეთის სიძველეებისადმი ინტერესი დიდი ხანია არსებობოს. XVII საუკუნიდან დაწყებული, არაერთი უცხოელი მოგზაური, ვაჭარი თუ მისიონერი დაინტერესებულა ამ მხარით; მაგრამ ეს ინტერესი მიწის ზედა, ძირითადად განვითარებული შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლების აღნუსხვა-აღწერითა და ჩანახატებით შემოიფარგლებოდა. მაგალითად, იტალიელი მისიონერების ა. ლამბერტის, ი. ძამპის, ქ. კასტელის ნაშრომებში მოხსენიებულია ამ მხარის ციხეები, ტაძრები და დასახლებული პუნქტები (მაგ. დრანდა, ილორი, ბედია, ანაკოფია, კელასურის კედელი და სხვ.) [ლამბერტი ა., 1938, გვ. 118-121; ძამპი, 1975, გვ. 129-200; კასტელი, 1976, გვ. 30, 82, 171, 180, და ა.შ.]. Mმსგავსი ცნობებია დაცული ფრანგი კომერსანტის ჟ. შარდენის [შარდენი, 1975, გვ. 147, 157, 185, და ა.შ.] და სხვათა ნაშრომებში.
5
საინტერესო მონაცემებს შეიცავს XVIII საუკუნის გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა". იმ ქვეთავში რომელიც ოდიშ-აფხაზეთს ეხება, იგი საუბრობს მოქვის, დრანდის და ბიჭვინთის ეკლესიებზე, ქალაქ ცხომზე, ანაკოფიაზე და სხვ. [ბაგრატიონი ვ., 1997, გვ. 170-172].
1833 წელს აფხაზეთის ძეგლებს გაეცნო ფრანგი მეცნიერი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე. კავკასიის ეთნიკურმა სიჭრელემ და შესანიშნავმა ისტორიულმა ძეგლებმა გაიტაცეს დიუბუა როგორც ეთნოგრაფი და არქეოლოგი. მას გულდასმით შეჰქონდა თავის დღიურებში ყოველგვარი შთაბეჭდილებები და იხატავდა ყველაფერს რასაც ხედავდა. ამ მოგზაურობის შედეგად ყირიმსა და კავკასიაში დიუბუას დაუგროვდა დიდძალი მასალა, რომელიც მან 6 ტომად გამოაქვეყნა 1839-1843 წლებში პარიზში. ნაშრომს ერთვის ატლასი [Dubois de Monpéreux F., 1839]. ნაშრომის სრული სახელწოდებაა: "Voyage autour de Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée". Pპირველ ტომში, რომლის რუსული თარგამანი გამოიცა 1937 წელს სოხუმში სახელწოდებით "Путешествие вокруг Кавказа", მოცემულია ჩერქეზეთის და აფხაზეთის გეოგრაფია, ეთნოგრაფიულ-ისტორიული მასალები. ამავე ტომშია აღწერილი გაგრის ციხე და ეკლესია, ბიჭვინთის ტაძარი, აილაგუ-აბიკუსა და სიმონ კანანელის ეკლესიები, ლიხნი, ანაკოფია, ეშერის ეკლესია, დრანდა, ილორი, სოხუმის ციხე, ეკლესია "ოხვამე" სოხუმში, კელასურის კედელი და სხვ. [Дюбуа де Монперэ Ф., 1937, გვ. 95-118, 130-136, 151-162].
6
1847 წელს საქართველო და მათ შორის აფხაზეთიც მოინახულა მ. ბროსემ. მისი გამოკვლევის შედეგად გამოიცა მ. ბროსეს 3 ტომიანი ნაშრომი რაპორტების სახით. პირველი ტომის მერვე რაპორტი სამურზაყანოსა და აფხაზეთს ეხება [Brosset M., 1851, გვ. 87-150]. ატლასში კი, რომელიც ერთვის რაპორტებს [Brosset M., 1850] სხვა ძეგლებთან ერთად მოცემულია დრანდის, ბედიის, მოქვის, ლიხნის და ბიჭვინთის არქიტექტურული ძეგლების გეგმები, აღწერილობა, სურათები. ძირითად ყურადღებას იგი ძველებურ წარწერებს უთმობს [Brosset M., 1850, Pl. XXXI, XXXIV, XXXV, XXXVI, XXXVII, XLIV, XLV].
მაგრამ, განსაკუთრებული ღვაწლი აფხაზეთის უძველესი ძეგლებით დაინტერესებისა და მათი არქეოლოგიურად შესწავლის დაწყების საქმეში დ. ბაქრაძეს მიუძღვის. 1886 წელს საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიის დავალებით იგი არქეოლოგიურ დაზვერვებს აწარმოებს სოხუმის ოლქში, რომელიც ასახულია მივლინების ანგარიშში: Отчёт об археологических находках 1886 г. на Кавказе преимушественно в Сухумском округе1. ამ მივლინების შედეგად გამოვლინდა და აღიწერა წებელდის რაიონის სოფ. პოლტავსკოეში ძველი ეკლესია სხვადასხვა საღვთისმეტყველო ნივთებით: წიგნები, ხატები და სხვ. პოლტოვსკოეს შემდეგ მას სოფ. ოლგინსკოეში აღუწერია მომცრო ზომის ეკლესია, შიგ ეკლესიაში მცირე არქეოლოგიური გათხრები ჩაუტარებია, სადაც აღმოჩნდა ორი კვადრატული ფილაქვა, შესანიშნავი ორნამენტით, ერთ-ერთ მათგანზე კარგად შემონახული ასომთავრული

7
წარწერით: "წმ. თევდორე, შეიწყალე მიქაელი." დ. ბაქრაძემ იგი XI ს-ით განსაზღვრა. აქვე აღმოჩნდა სვეტისა და კაპიტელის ნატეხები; ქვის ფილებისგან შემდგარი სამარხი, ადამიანის ძვლებით და ცხენის 2 კბილით. ოლგინსკოედან დ. ბაქრაძე მიემართება ვორონოვების მამულში, სადაც არსებული ცნობით, ეკლესიის ნანგრევებში ქ-ნ უვაროვას მიერ აღმოჩნდა სამი რელიეფურგამოსახულებიანი ქვა ევანგელური და საეკლესიო სიუჟეტებით, რომელიც დ. ბაქრაძემ კანკელის ფილებად მიიჩნია. აქვე აღმოჩნდა სხვადასხვა ორნამენტირებული ქვის ნატეხები, მათ შორის სვეტის ორი მრგვალი კაპიტელი. ერთ-ერთ მათგანზე რქებით ერთმანეთთან შერკინებული ორი ვერძია გამოსახული, მეორეზე კი პირდაღებული დრაკონი, ნახევრადგადაყლაპული ადამიანის ფიგურით. აქვე იყო ნაპოვნი სპილენძის ისეთივე ჯვარი, როგორიც პოლტავსკოეს ეკლესიაში აღმოჩნდა; დ. ბაქრაძემ კიდევ ერთი ეკლესია აღწერა ვორონოვების მამულიდან 6 ვერსის დაშორებით. აქვე მან იპოვა სხვადასხვა ორნამენტირებული ქვა, ერთ-ერთ მათგანზე ქართული ასომთავრული წარწერით.
დ. ბაქრადძე ამ ანგარიშში მოიხსენიებს სოხუმში, პოლკოვნიკ ვედენსკოეს სახლში ნანახ ქვის ორ სკულპტურულ ნატეხს დრანდის მონასტრიდან, სადაც იმ დროს სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა. მოგვიანებით ისინი პ.ს.უვაროვამ გამოაქვეყნა, დღესდღეობით კი ეს რელიეფური სკულპტურის ძეგლები დაკარგულია. ვორონოვის, ოლგინსკოეს და დრანდის ეკლესიებს დ. ბაქრაძე საკმაოდ ძველი ეპოქის ძეგლებად [8] მიიჩნევდა. შემდგომმა არქეოლოგიურმა გამოკვლევამ დაადასტურა მისი ეს მოსაზრება.
დ. ბაქრაძის მიერ შემუშავებულ იქნა სოხუმის ოლქის (რომელშიაც იმ დროს შედიოდა აფხაზეთი, წებელდა და სამურზაყანო, შავი ზღვის სანაპირო კავკასიის მთავარ ქედს, გაგრასა და მდ. ენგურს შორის ტერიტორია) სიძველეების გამოკვლევის პროგრამა, რომლის პროექტიც წარმოდგენილ იქნა 1887 წელს. ეს პროგრამა გულისხმობდა სოხუმის ოლქის ყოველმხრივ არქეოლოგიურ შესწავლას:

1. გათხრების ჩატარება ძველ ქალაქ პიტიუსში, აფხაზი კათოლიკოსების კათედრის სიახლოვეს; ქ. სოხუმში ზღვის სანაპიროზე, ბულვარის პირდაპირ ძველი ფუნდამენტის გათხრა, და სხვ.;

2. ძველი ბერძნულ-რომაული ტექსტების შესწავლა და მათი მიმართება კავკასიის მთავარ ქედთან და მის უღელტეხილებთან, და იმ ციხე-კოშკებთან, რომლებიც გზის გაყოლებაზეა განლაგებული;

3. აფხაზეთსა და წებელდაში ძველი გეოგრაფიული ნომენკლატურის შესწავლა და გარკვევა;

4. უცნობი ქრისტიანული ძეგლების გამოვლენა; ამ ძეგლებთან დაკავშირებული გუჯრებისა და აქტების მოძიება-შესწავლა და სხვ. დ. ბაქრაძის მიერ წარმოდგენილი პროგრამის ამ პროექტში იმაზეც კი იყო საუბარი, რომ შემოდგომა, გაზაფხული და ზამთარიც, თუკი ნაკლებ წვიმიანია, ხელსაყრელი დროა აქ არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად.

1875 წელს გამოვიდა დ. ბაქრაძის ნაშრომი: "Кавказ в древних памятниках христианства". ნაშრომში მოცემულია ძირითადად საქართველოს ქრისტიანული ძეგლების აღწერილობა (სულ 320-მდე ძეგლი)

9

და კვლევის შედეგები, რომელთა შორისაა დრანდა, ბიჭვინთა, სოუკ-სუ (ლიხნი), მოქვი, ბედია, გაგრა და ანაკოფია [Бакрадзе Д., 1875. გვ. 65-66, 121-122, 136, 102, 103, 39, 48, 25]. ამ მონოგრაფიისთვის 1877 წელს დ. ბაქრაძე საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების დიდი ოქროს მედლით დააჯილდოვეს [გამყრელიძე გ., 1996. გვ. 12].
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აფხაზეთის ქრისტიანული ძეგლების შესწავლის საქმეში პრასკოვია უვაროვამ. მან კავკასიის შესწავლა 1879 წლიდან დაიწყო. მისი მეუღლე, არქეოლოგი ა.ს.უვაროვი, მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 1886 წელს ქ-მა უვაროვამ ორი ეკლესია გათხარა წებელდაში (პოლტავსკოეს და ოლგინსკოეს). აქვე ვორონოვების ეკლესიის ნანგრევებს შორის აღმოჩნდა წებელდის ცნობილი ქვის ფილები, რომელიც კანკელის ნაშთებად მიიჩნია. მანვე მიაკვლია დრანდაში ტაძრის ძველ ხუროთმოძღვრულ დეტალებს, რომლებიც დღეს დაკარგულია და მხოლოდ პ. უვაროვას პუბლიკაციითაა ცნობილი. მისი ნაშრომი "Христианские памятники" აღწერილობით ხასიათს ატარებს, სადაც ანაკოფიის სიმონ კანანელის, ბზიფის, ალაჰაძის, ლიხნის და სხვა ტაძართა აღწერილობაა მოცემული [Уварова П., 1894, გვ. 9-11, 22-23, 30].
თბილისში 1881 წელს გამართული V არქეოლოგიური ყრილობით ახალი ეტაპი იწყება კავკასიის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის საქმეში. ამიერკავკასიაში აქტიურად მოღვაწეობდა თბილისში დაარსებული არქეოლოგიის მოყვარულთა კავკასიის საზოგადოება, რომელიც მჭიდროდ იყო

10
დაკავშირებული მოსკოვის არქეოლოგიურ საზოგადოებასთან; ამავე საზოგადოების დავალებით იწყება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს არქეოლოგიური შესწავლა, რომლის განხორციელებაც 1887 წელს დაევალა ვ. სიზოვს. მან გათხრები ჩაატარა სოხუმში, შუა საუკუნეების ცხუმის ტერიტორიაზე, მდ. ბესლეთის შესართავთან, "ძველ სოხუმში", და სხვ. [Сизов В., 1884].
1888 წელს, იგივე მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების დავალებით ა.მ.პავლინოვმა აზომა და აღწერა დრანდა, მოქვი, ილორი, ბედია და სხვა ტაძრები [Павлинов А., 1893, გვ. 1-3, 8-13].
1885 წელს არქემანდრიტი ლეონიდე (კაველინი) აქვეყნებს თავის ნაშრომს "Абхазия и в ней Ново-Афонский Симоно-Кананитский монастырь", რომლის პირველ ნაწილში მოცემულია აფხაზეთის ქრისტიანული ძეგლების (გაგრა, ბიჭვინთა, ამბარა, ლიხნი, ანაკოფია, კამანი, დრანდა, ილორი, მოქვი, ბედია) აღწერილობა და ფოტო მასალა (გვ. 28-70). გარკვეული ცვლილებებით ეს წიგნი ხელახლა გამოიცა 1898 წელს. აღნიშნულ ნაშრომში პირველად გამოქვეყნდა ივერიის მთაზე, ანაკოფიის ციხის ნანგრევებში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები (გვ. 47-56). ამ წარწერების გაშიფვრას სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა ვ. ლატიშევმა [Латышев В., 1911, გვ. 22-23].
1903 წელს აფხაზეთი მოინახულა ცნობილმა ფრანგმა მოგზაურმა და სპელეოლოგმა ე. მარტელმა. მან დაგვიტოვა გაგრის ტაძრის ("ბიზანტიური ეკლესია"), ცანდრიფშის, ლიხნის, ბიჭვინთის, ახალი ათონის ("ტრაიანეს ციხე") და სხვ. აღწერილობა ფოტომასალებით და ნახაზებით [Martel E., 1904].
11
1907 წელს ა. მილერი დაზვერვებს და მცირე გათხრებს აწარმოებდა სოხუმის ციხის მიდამოებში და წებელდის ციხეში, რომელიც მან პირველმა აზომა. ა. მილერმა სოხუმის ციხის მიდამოებში მიაკვლია მცირე ძველი ეკლესიის ფუნდამენტს, რომლის საკურთხეველშიც აღმოჩნდა ქვა ჯვრის გამოსახულებით. ეს ფუნდამენტი ციხის უძველესი წყობის თავზე იყო გამართული ზღვის დონიდან 2 მეტრის სიმაღლეზე; წებელდაში ადაგოს მთაზე მანვე გამოავლინა სასიმაგრო ნაგებობა, ორი ეკლესიისა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები, საინტერესო ქვის ფილები რელიეფური ჯვრის გამოსახულებით. ეს რელიეფები დღესდღეობით დაკარგულია და სწორედ მილერის პუბლიკაციითაა ცნობილი [Миллер А., 1909, გვ 71-82. სურ. 6].
ახალი ეტაპი აფხაზეთის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის საქმეში იწყება 1922 წელს, როცა დაარსდა აფხაზეთის სამეცნიერო საზოგადოება, თუმცა ამ საზოგადოებამ მხოლოდ 9 წელი იარსება. ამავე საზოგადოების დავალებით 1925 წელს ა.ს.ბაშკიროვი იწყებს აფხაზეთის ჩრდილოეთ სანაპიროს არქეოლოგიურ შესწავლას. მისი კვლევის სფეროში მოექცა სოხუმის მიდამოები, ლიხნი, მდ. ფსირცხის რაიონი, ბიჭვინთის კონცხი, სადაც ძველი ნაქალაქარის ნაშთებს მიაკვლია (გალავნის კედლებს, კოშკებს და ქრისტიანული ტაძრის ნაშთებს); სოხუმის (თურქული) ციხის შესწავლის შემდეგ, ა.ბაშკიროვმა 3 კულტურული ფენა გამოჰყო: თურქული, ბიზანტიური და რომაული; ახალ ათონში, ივერიის მთაზე არსებული ციხის [12] ნანგრევები მან ანაკოფიის ციხედ ჩათვალა, ხოლო მთის თხემზე არსებული ტაძარი VIII-IX სს-ით დაათარიღა [Башкиров А., 1925].
XX საუკუნის 30-40-იან წლებში აფხაზეთის შუა საუკუნეების ძეგლების შესწავლა ძირითადად ლ.ნ.სოლოვიოვის და ი.ე.აძინბას სახელთანაა დაკავშირებული. ლ.სოლოვიოვმა საგანგებოდ გამოიკვლია აფხაზეთის ისეთი მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობები, როგორიცაა გაგრის (აიგივებს ტრაქეასთან) და ანკოფიის ციხეები, და კელასურის კედელი. მაგრამ ეს ნაშრომი ხელნაწერის სახით არსებობს და დღემდე გამოუქვეყნებელია [Л.Н.Соловьев, Древние оборительные рубежи феодальной эпохи на черноморском побережье Западной Грузии (Гагрская крепость, Иверская гора, Келасурская стена), Сухуми, 1940. (Рукопись, Архив АбИЯЛИ, №344)]. 1947 წელს დაიბეჭდა ლ. სოლოვიოვის საკმაოდ მოზრდილი სტატია სოხუმის შესახებ, რომელიც ეძღვნებოდა ქალაქის ისტორიას დაარსებიდან ძვ.წ. VI ს-ში, ვიდრე XIX ს-ის დასაწყისამდე [Соловьев Л., 1947].
1958 წელს გამოქვეყნდა აფხაზი მხარეთმცოდნის ი.ე.აძინბას ნაშრომო "Архитектурные памятники Абхазии", სადაც აფხაზეთის შუა საუკუნეების თითქმის ყველა ძეგლია თავმოყრილი, საკულტო თუ თავდაცვითი. მათ შორისაა ცანდრიფშის (ყოფ. პილენკოვოს), გაგრის, ჯგერდის, დრანდის და სხვა ეკლესიები. ნაშრომი საინტერესოა იმითაც რომ ძეგლების აღწერილობას ზოგ შემთხვევაში ეთნოგრფიული მონაცემები ავსებს [Адзинба И., 1958, გვ. 9-25, 90-93, 71-74].

13
1945 წელს სოფ. ოლგინსკოეს მიდამოები დაზვერა და მცირე გათხრები ჩაატარა ი. გრძელიშვილმა და გამოაქვეყნა თავისი მონაპოვარი [გრძელიშვილი ი., 1947, გვ. 89-95]. ი. გრძელიშვილის მიერ მოპოვებული წებელდური კერამიკის ნაწილი კი მოგვიანებით ქ. ბერძენიშვილმა გამოაქვეყნა [ბერძენიშვილი ქ., 1959, გვ. 95-108]. 1949 წელს ბ. კუფტინი აქვეყნებს ბოტანიკოს ი. ვორონოვის კოლექციას კავკასიის მუზეუმიდან და ათარიღებს VI-VII სს-ით [Куфтин Б., 1949, с.94-95].
50-იან წლებიდან იწყება მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები. 1957-58 წლებში კომპლექსური არქეოლოგიური ექსპედიცია მოეწყო ანაკოფიაში მ. თრაფშის ხელმძღვანელობით [Трапш М., 1961]. ექსპედიციის მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ ივერიის მთის სამხრეთი ფერდობი ჯერ კიდევ ძვ.წ. III ათასწლეულში ყოფილა ათვისებელი სამოსახლოდ. ცხოვრება აქ ანტიკურ ხანაშიც ძვ.წ. IV-II სს. გრძელდება. ძირითადი არქეოლოგიური მონაპოვრის ქრონოლოგირი დიაპაზონი VII-XII სს-ში თავსდება. ასევე თარიღდება ძირითადი ხუროთმოძღვრული კომპლექსიც. ამავე ექსპედიციის წევრმა ვ. ლექვინაძემ სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა ამ ძეგლს. ანაკოფიის სასიმაგრო სისტემას ის ორ ნაწილად ყოფს: ციტადელი და ციხე-ქალაქის დიდი გალავანი. მისი აზრით, ციტადელი მრავალფენიანი არქიტექტურული ძეგლია, რომელიც IV-VI სს-ით თარიღდება [Леквинадзе В., 1968]. ციხე-ქალაქის დიდ გალავანს თავისი კოშკებით ვ. ლექვინაძე, ისევე როგორც მ. თრაფში, VII-VIII სს-ით ათარიღებს.
14
50-იანი წლებიდან იწყება ქ. სოხუმის გეგმაზომიერი არქეოლოგიური შესწავლა. იგი მ. თრაფშის სახელთანაა დაკავშირებული. 1952 წელს მის მიერ ითხრებოდა სოხუმის ციხე, სადაც შემდეგი სტრატიგრაფიული სურათი გამოიკვეთა: I ფენა- გვიანი საშუალო საუკუნეები, II ფენა- XI-XIII სს, III ფენა- ახ.წ. I-II სს, და IV ფენა- დაახ. ძვ.წ. V-III სს [Трапш М., 1955]; მანვე 1954 წელს აღმოაჩინა რომაული კოშკი ("ოდინეცი") და დიოსკურიის დროინდელი სამოსახლო; 1954-56 წლებში შესწავლილ იქნა ანტიკური და შუა საუკუნეების ნამოსახლარი ბაგრატის მთაზე. სოხუმსა და მის მიდამოებში მოპოვებული მასალა თვალნათლივ არის წარმოდგენილი მ. თრაფშის მონოგრაფიულ ნაშრომში "Древний Сухуми" [Трапш М., 1969].
1958-59 წლებში მიმდინარეობდა სებასტოპოლისის რომაული ციხის გათხრები (ა. აფაქიძე, ო. ლორთქიფანიძე, ვ. ლექვინაძე, მ. თრაფში, ლ. სოლოვიოვი, ლ. შერვაშიძე), ე.წ. სოხუმის ციხის ტერიტორიაზე. აქ ქალაქის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპია წარმოდგენილი, ადრეანტიკული ხანიდან დაწყებული, ვიდრე გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით. 1959 წელს ა. აფაქიძისა და ო. ლორთქიფანიძის მიერ ჩატარებული გათხრების შედეგად გამოვლინდა ხუთი კულტურული ფენა, I ზედა ფენა_ახ.წ. IV-V სს, V ფენა_ძვ.წ. III-II სს. [ა. აფაქიძე, ო. ლორთქიფანიძე, 1965, 3, გვ. 104-127].
იმავე, 1959 წელს ლ. სოლოვიოვის და ლ. შერვაშიძის მიერ სოხუმის ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად დადგინდა, რომ რომაული ციხე აქ ახ.წ. I ს-ში ჩნდება, საქალაქო

15
ცხოვრების აყვავების ხანა II-III საუკუნეებია, IV-V სს. კი ქალაქის დასუსტების პერიოდი. იმავე გათხრების დროს ¹1 კოშკთან აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კედლის მოზაიკის კენჭები, რამაც გამთხრელებს აქ ეკლესიის არსებობა ავარაუდებინა, მით უფრო, რომ აქვე რამდენიმე ქრისტიანული სამარხიც გაითხარა [Шервашидзе Л., Соловьев Л., 1960, გვ. 171-179]. 1987-1990 წლებში სოხუმის თურქული ციხის ტერიტორიაზე მ. გუნბას ხელმძღვანელობით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლინდა კიდეც ეკლესიის ნაშთი. ციხის მთელ ტერიტორიაზე ორი კულტურული ფენა გამოიკვეთა, ზედა ფენა თარიღდება განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეებით, ქვედა ფენა კი_გვიანრომაული და ადრებიზანტიური ხანით [М. Гунба, Кратки отчёт об археологических раскопках на територии Сухумской крепости в 1987 году]2.
აფხაზეთში მომუშავე არქეოლოგიური ექსპედიციებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის ფასდაუდებელი ღვაწლი. 1952 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია ა. აფაქიძის ხელმძღვანელობით იწყებს არქეოლოგიურ გათხრებს ბიჭვინთის ნაქალაქარზე, რასაც წინ უსწრებდა სადაზვერო სამუშაოები (1952-53 წწ., მ. თრაფში). 1975 წლიდან ბიჭვინთის არქეოლოგიურ ექსპედიციას სათავეში უდგება გ. ლორთქიფანიძე. მრავლწლიანი გათხრების შედეგად გამოვლინდა
16
ბიჭვინთის კასტელუმი და კანაბე, საკმაოდ ვრცელი სამაროვანი, ადრექრისტიანული ტაძრები და ბიჭვინთის უნიკალური მოზაიკა, რომელიც აფხაზეთის ადრექრისტიანული ხანის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ძეგლს წარმოადგენს. მოზაიკა თავისი უნიკალურობის გამო მოიჭრა აღმოჩენის ადგილიდან და გადმოტანილ იქნა თბილისის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, სადაც ინახება დღემდე. ბიჭვინთის მოზაიკასთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი ლიტერატურა არსებობს, სადაც ეს ძეგლები, სხვადასხვაგვარად, IV-VI სს-თი არის დათარიღებული [ჭყონია ა., 1978, გვ. 194-217; ყაუხჩიშვილი თ., 1978, გვ. 218-241; Шервашидзе Л., 1978, გვ. 169-193; Леквинадзе В., 1970, გვ. 174-192; Мацулевич Л., 1978, გვ. 100-168; Мацулевич Л., 1956, გვ. 146-153; Одишели М., 1988; Odišeli M., 1995; Вачнадзе Н., 1982, გვ. 106-111]. Eჩვენის აზრით გასაზიარებელია ლ. მაცულევიჩის მიერ შემოთავაზებული მოზაიკისა და წარწერის თარიღი – IV ს. დასაწყისი [Мацулевич Л., 1956, გვ. 153]. ბიჭვინთის ექსპედიციის მიერ ჩატარებული მრავალწლიანი გათხრების შედეგად დაგროვდა უმდიდრესი მასალა, რომლის მეცნიერული შესწავლა დღემდე გრძელდება. გამოქვეყნდა "დიდი პიტიუნტის" სამი კრებული [1975, 1977, 1978], გ. ლორთქიფანიძის მონოგრაფია "ბიჭვინთის ნაქალაქარი" [1991] და სხვ.
1956-57 წლებში ბიჭვინთის ნაქალაქარიდან სამხრეთით 400-500 მ დაშორებით გაითხარა ორაფსიდიანი ეკლესია, რომელიც თავისი დაგეგმარებით ქართული ხუროთმოძღვრებისთვის საკმაოდ უჩვეულო აღმოჩნდა. გამთხრელის აზრით, ტაძარი მარტირიუმია

17
[მიქელაძე თ., 1963, გვ. 125-131]. 1980 წელს X ს-ის კათედრალის დასავლეთით გაითხარა V-VI სს-ის მცირე ეკლესიის ნანგრევები. შიგ ეკლესიაში გამოვლინდა რანდენიმე უინვენტარო ადრექრისტიანული სამარხი [Лордкипанидзе Г., 1981]. 1970-71 წლებში ზ. აგრბას მიერ ითხრებოდა ალაჰაძის ბაზილიკა ბიჭვინთის კონცხზე [Агрба З., 1972].
1968-69 წლებში საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციამ გუდავაში (ისტორიული ზიღანეოსი) ჩაატარა პირველი არქეოლოგიური კამპანია და სხვადასხვა პერიოდის მასალებთან ერთად გამოავლინა გვიანანტიკური და ადრეფეოდალური ხანის მასალები და ბაპტისტერიუმი [ზაქარაია პ., ლექვინაძე ვ., 1971, გვ. 96-102]. 1971 წელს გაგრძელდა მუშაობა, ბაპტისტერიუმის მიდამოებში აღმოჩნდა ადრე შუა საუკუნეთა ხანის მარმარილოს არქიტექტურული დეტალები [ზაქარაია პ., ლექვინაძე ვ., 1974, გვ. 139-147].
1960 წელს წებელდაში გათხრებს იწყებს დ. გულიას სახელობის ენის, ლიტერატურის და ისტორიის აფხაზეთის ინსტიტუტი მ. თრაფშის ხელმძღვანელობით. მან წარმატებით განახორციელა გვიანანტიკური და ადრებიზანტიური ხანის სამარხების და ნამოსახლარების შესწავლა. 1960-67 წლებში გამოვლინდა 200-მდე სამარხი, რომელიც ხუთ საგვარეულო სამაროვანს შეადგენდა_აბგიძრახუ, ახუამახუ, აჰაცარახუ, ალრახუ, ახაჩარხუ. სწორედ მათ განხილვას მიეძღვნა მკვლევარის გარდაცვალების შემდეგ გამოცემული მისი ნაშრომების მესამე ტომი [Трапш М., 1973].
18
1960-64 წლებში ი. ვორონოვის მიერ წებელდაში გამოვლინდა გვიანანტიკური ხანის ნამოსახლარები, ციხეები და სამაროვნები (შაპკა, წებელდა, ახისთა, ბათი, აფუშთა, ზემო იურევკა და სხვ.). წებელდის საინტერესო მასალამ მკვლევართა დიდი ყურადღება მიიპყრი, შედეგად წებელდაში გვიანანტიკური ხანის თავისებური არქეოლოგიური კულტურა გამოიყო [Воронов Ю., 1975]. 1968-70 წლებში მ. გუნბას მიერ გრძელდება გათხრები წებელდაში. მის მიერ ითხრება სამარხეული კომპლექსები ათარა-არმიანსკოეში (ოჩამჩირის რ-ნი), შაუმიანოვკაში (გულრიფშის რ-ნი), ეშერასა (სოხუმის რ-ნი) და აჭანდარაში (გუდაუთის რ-ნი), აქ გამოვლენილი ძეგლები მან ე.წ. წებელდური კულტურის არეალში მოაქცია [Гунба М., 1978].
1977-79 წლებში წებელდის ციხეზე ი. ვორონოვის ხელმძღვანელობით გაითხარა სამი ეკლესია, ამათგან ორი ადრექრისტიანული ხანის. ეს ეკლესიები საგანგებოდ იქნა შესწავლილი ლ. ხრუშკოვას მიერ [Хрушкова Л., 1982, გვ. 147-177].
1982 წელს იგივე წებელდაში, დასახლება მრამბაში, აღმოჩნდა დარბაზული ეკლესია და არქიტექტურული დეტალები ადრექრისტიანული სიმბოლოებით [Бгажба О., 1984, გვ. 421].
1983 წელს ო. ბგაჟბას მიერ ითხრებოდა შაპკის ციხე და ეკლესია (VI ს.) [Вгажба О., 1985, გვ. 463-464].
1976 წელს ლ. შერვაშიძე გათხრებს აწარმოებს აბაანთის ციხეში. შედეგად გამოვლინდა სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც მან VII-VIII სს-ით განსაზღვრა [Шервашидзе Л., 1979, გვ. 223-234], სწორედ მისი დამსახურებაა აფხაზეთის ტერიტორიაზე პირველად

19
სამეკლესიამი ბაზილიკის აღმოჩენა და განსაზღვრა. აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ამ ტიპის ძეგლები განხილული აქვს თავის ნაშრომში ლ. რჩეულიშვილს [Рчеулишвили Л., 1988. გვ. 72-78], თ. ბერიძესა [ბერიძე თ., 1995] და დ. თუმანიშვილს [თუმანიშვილი დ., 1993] რომელთაც, ასევე, უდაოდ დიდი წვლილი მიუძღვით აფხაზეთის ქრისტიანული ძეგლების შესწავლის საქმეში.
დიდი წვლილი შეიტანა აფხაზეთის ადრექრისტიანული ძეგლების შესწავლის საქმეში ლ. ხრუშკოვამ. 70-იანი წლების ბოლოდან იგი აქტიურად იყო ჩართული ჩვენთვის საინტერესო პერიოდის ძეგლების გამოვლენა_შესწავლის საქმეში. 1977-79 წლებში მონაწილეობდა წებელდის ციხის საკულტო კომპლექსის გათხრებში. 1980 წელს მის მიერ ითხრებოდა განთიადის (ცანდრიფში) ბაზილიკა, რომელსაც მან მონოგრაფიაც უძღვნა [Хрушкова Л., 1985], სადაც საკუთრივ განთიადის გარდა აფხაზეთის სხვა ადრექრისტიანული ძეგლებიცაა მიმოხილული. იმავე 1980 წელს მან დაზვერა და აზომა ეკლესია ხაშუფსეს ციხეში. 1980-85 წლებში მონაწილეობდა ოჩამჩირის ექსპედიციაში (ხელმძ. ს. შამბა) გიენოსის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ადრებიზანტიური ეკლესიის გათხრებში. 1985-86 წლებში იგი განაგრძობს ზ. აგრბას მიერ დაწყებულ ალაჰაძის არქიტექტურული კომპლექსის შესწავლას, გაითხარა მესამე, ყველაზე დიდი ბაზილიკა. 1989 წლიდან კი მ. გუნბასთან ერთად მონაწილეობდა ანტიკური საბესტოპოლისის გათხრებში, გამოვლინდა ადრექრისტიანული ხანის ეკლესია, რომელიც ლ. ხრუშკოვას სიტყვებით: უჩვეულოა

20
ამიერკავკასიისათვის, აქ აფსიდის ირგვლივ დეამბულატორიაა გამართული. ლ. ხრუშკივას მიერ საგანგებოდ იქნა შესწავლილი აფხაზეთის V-X სს-ის რელიეფური სკულპტურის ძეგლები, რომელიც თავმოყრილია მონოგრაფიაში "Скульптура раннесредневековой Абхазии. V-X вв." (Тб., 1980). მისი სადოქტორო დისერტაციაც ადრექრისტიანული ძეგლების კვლევას მიეძღვნა, სადაც აფხაზეთის გარდა დანარჩენი დასავლეთ საქართველოს ძეგლებიცაა განხილული [Хрушкова Л., 1990].
ადრექრისტიანული ძეგლებისა და, ზოგადად, ქრისტიანული არქეოლოგიისადმი ინტერესი ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა. მაგალითად არქეოლოგიური კვლევის ცენტრში 1992 წლიდან სისტემატურად იმართება ქრისტიანული არქეოლოგიისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციები; გაიზარდა ინტერესი უშუალოდ აფხაზეთში ქრისტიანობის საკითხთან დაკავშირებითაც [გამახარია ჯ., 2005]. ამავე საკითხს მიეძღვნა ერთი წლის წინ გამართული სამეცნიერო კონფერენცია [მართმადიდებლობა აფხაზეთში და ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საკითხები, 2005].

§ 2. წერილობითი წყაროები

აფხაზეთში ადრეული ქრისტიანობის საკითხის კვლევისას ჩვენთვის ძირითად წყაროს წერილობითი და არქეოლოგიური მონაცემები წარმოადგენს. წერილობითი წყაროები საშუალებას იძლევა გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას ამ მხარის რელიგიურ ვითარებაზე ქრისტიანობის გავრცელების ადრეულ საუკუნეებში.
21
საეკლესიო ტრადიციით, დასავლეთ საქართველოში ქრისტიანიზაციის დასაწყისი მოციქულთა ხანას უკავშირდება. ახალი რელიგიის პირველ მქადაგებლად აქ ანდრია პირველწოდებული და სიმონ ქანაანელი გვევლინებიან. ეს გადმოცემა, რომელიც III და IV სს-ის ავტორებს, დოროთეოს ტვირელს, სოფრონის და ეპიფანე კვიპრელს მიეწერება [პ. ინგოროყვა, 1954, გვ. 223], ცხადია იმის მაჩვენებელია, რომ ქრისტიანობას დასავლეთ საქართველოში უძველესი ტრადიცია ჰქონდა.
VIII ს-ის ავტორს ეპიფანე კონსტანტინოპოლელს ეკუთვნის ვრცელი ჰაგიოგრაფიული თხზულება ანდრია მოციქულის შესახებ, რომლის შედგენის დროს ავტორს უსარგებლია ძველი წერილობითი წყაროებით (კლემენტი რომაელის, ეპიფანე კვიპრელის და ევაგრე სიცილიელის ტექსტებით) [გეორგიკა, IV, I, გვ. 58-59]. ეპიფანე კონსტანტინოპოლელის ეს თხზულება შემდეგ გამოიყენა ექვთიმე მთაწმინდელმა ანდრია მოციქულის შესახებ "მოსახსენებელის" ქართულ ენაზე შედგენის დროს [ინგოროყვა პ., 1954, გვ. 225-226]. ეპიფანე კონსტანტინოპოლელის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში წარმოდგენილია ცნობები ანდრია მოციქულისა და მისი თანამოღვაწე მოციქულების მატათას და სიმონ ქანაანელის მისიონერული მოღვაწეობის შესახებ დასავლეთ საქართველოში და აგრეთვე, იბერიის სანაპირო მხარეებში. მესამე მოგზაურობის დროს მოციქულნი გადასულან საკუთრივ აფხაზეთში (აბაზგიაში): "დიდ სებასტოპოლისში რომ ჩავიდნენ, იქადაგეს ღმრთის სიტყვა. ანდრიამ დასტოვა იქ სიმონი მოწაფეებითურთ და თვით წავიდა

22
ჯიქეთში". ჰაგიოგრაფის ცნობით, სიმონი ამ მხარეში (აფხაზეთში) მოღვაწეობის შემდეგ აქვე გარდაიცვალა და დაუსაფლავებიათ ნიკოფსიაში: "არის ჯიქეთის ნიკოფსიაში საფლავი, რომელსაც აქვს წარწერა სიმონ ქანაანელისა" [პ. ინგოროყვა, 1954, გვ. 225-226; გეორგიკა, IV, I, გვ. 58-59].
განსაკუთრებით ფართო გავრცელება მიიღო გადმოცემამ ანდრია მოციქულის შესახებ მას შემდეგ, რაც ექვთიმე მთაწმინდელმა გამოაქვეყნა "მოსახსენებელი მიმოსვლათათვის და ქადაგებათა მოციქულისა ანდრიასი," დამუშავებული ეპიფანე კონსტანტინოპოლელისა და ნიკიტა პაფლაგონელის ტექსტების გამოყენებით. გადმოცემას ანდრია მოციქულის შესახებ ეხებიან და აღნიშნავენ მომდევნო ხანის ქართველი ავტორები: გიორგი მთაწმინდელი (დიდ სვინაქსარში), გიორგი მცირე მთაწმინდელი, ეფრემ მცირე ("უწყებაი მიზეზთა ქართველთა მოქცევისათაი") [პ. ინგოროყვა, 1954, გვ.227]. გადმოცემამ კანონიზაცია მიიღო რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე და აღბეჭდილია ამ კრების ძეგლის წერაში [თ. ჟორდანია, 1892, გვ.34]. მასვე ეხება წმ. ნინოს ცხოვრების გადამმეტაფრასებელი ბერი არსენი (XII ს. I ნახევარი) [პ. ინგოროყვა, 1954, გვ.227].
გარდა ანდრია მოციქულისა, სიმონ ქანაანელისა და მატათა მოციქულისა, საქართველოში სხვა მოციქულებსაც უმოღვაწიათ. კერძოდ, ეფრემ მცირე, რომელმაც საგანგებოდ მოიძია მის დროს არსებული ყველა ბერძნული წყარო ქართული ეკლესიის ისტორიასთან დაკავშირებით, ამ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოში სახარება იქადაგა მოციქულმა ბართლომემ

23
[ჯაფარიძე ა., 1996, გვ. 41]. ცნობები მოციქულ ბართლომეს საქართველოში მოღვაწეობის შესახებ, ჩანს, ლათინურ წყაროებშიც ყოფილა მოცემული, რადგან ამის შესახებ არქანჯელო ლამბერტიც წერდა. ლამბერტი იმ აზრს იცავდა, რომ კოლხეთსა და იბერიაში ქრისტიანობა წმ. ანდრიამ და წმ. ბართლომემ გაავრცელეს. "დარწმუნებული უნდა ვიყოთ – წერს არქანჯელო ლამბერტი, რომ ორი მოციქულის ქადაგებით დაინერგა სარწმუნოება ამ ქვეყანაში (ე.ი. საქართველოში), მაგრამ შემდგომში მღვდლების უყოლიობის თუ სხვა მიზეზის გამო ამ მხარეებს დიდი ხნის განმავლობაში მოაკლდათ სარწმუნოება" [ჯაფარიძე ა., 1996, გვ. 41; ლამბერტი ა., 1938].
რუსულ წყაროებში დაცული ცნობის თანახმად ბართლომეს გარდა საქართველოში თომა მოციქულსაც უმოღვაწნია [ჯაფარიძე ა., 1996, გვ. 41]. მეუფე ანანია ჯაფარიძის აზრით, ეს არ მოგვეჩვენება გასაკვირად, თუ გავიხსენებთ, რომ მოციქულმა თომამ იქადაგა სირიაში, სპარსეთში და ინდოეთში. XVI ს-ის სლავური წყარო ქართულ ეკლესიას მიიჩნევს თომა მოციქულის მიერ დაარსებულად. აქ ჩამოთვლილია სამოციქულო საყდრები, კერძოდ, "ადგილი წმინდა მოციქულ თომასი არის ივერიის საყდარი" [ჯაფარიძე ა., 1996, გვ. 41-42].
ამრიგად, ძველი მწერლობის მოწმობით, საქართველოში ქრისტიანობა უქადაგიათ მოციქულებს: ანდრიას და სიმონ ქანაანელს (გიორგი, ეფრემი, რუის-ურბნისის კრება, არსენი), მატათას (არსენი), ბართლომეს (ეფრემი) და თომას (რუსული წყარო). თუმცა, როგორც ცნობილია, ი. ჯავახიშვილი უარყოფდა

24
ჩვენში მოციქულთა ქადაგების ფაქტს [ჯავახიშვილი ი., 1900, გვ. 35-38]. ასევე უარყო მოციქულთა სამისიონერო მოღვაწეობა ჩვენში კ. კეკელიძემ. მისი აზრით, ასეთი შეხედულება X-XI სს-დან დამყარდა, ხოლო მანამდე მას ადგილი არ ჰქონია და არც ჩვენს წინაპრებს სცოდნიათ ის [კეკელიძე კ., 1926, გვ. 4-9].
ჩვენი მხრიდან კი დავსძენთ, რომ არაა გამოსარიცხი მოციქულთა მოღვაწეობას რეალურად ჰქონოდა ადგილი საქართველოში, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ, მოციქულთა ეპოქაში საქართველოზე გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზები. ახალი წელთააღრიცხვის პირველი საუკუნეები საერთოდ საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის განსაკუთრებული აღმავლობის ხანაა და საქართველოც, რა თქმა უნდა, ჩართული იყო ამ საერთაშორისო ვაჭრობის ორომტრიალში. ცნობილი რომაული საგზაო რუკა – Tabula Peutingeriana, რომელიც IV ს-შია შედგენილი, მაგრამ მნიშვნელოვანწილად უფრო ძველ, I-II სს. მასალას ემყარება, საქართველოს ტერიტორიაზე უჩვენებს არაერთ გზას, რომელიც, ამავე დროს სავაჭრო მაგისტრალს წარმოადგენდა. ერთი ასეთი გზა სომხეთის დედაქალაქ არტაშატიდან სებასტოპოლში (სოხუმში) მიდიოდა. გადიოდა იგი ჯავახეთსა და სამცხეზე, ქართლის უძველესი ცენტრების, წუნდისა და ოძრხეს მახლობლად. წუნდაში ამ გზის ერთი ტოტი ქართლის შიდა რაიონებისაკენ მიდიოდა. მეორე მხრივ, დასავლეთ საქართველოში მიმავალი გზა როდოპოლისთან (ვარდციხე) უხვევდა როგორც დასავლეთით (რიონის გაყოლებით ფაზისისაკენ), ასევე აღმოსავლეთით (ისევ რიონით და შემდეგ

25
ყვირილით, სვირის, შორაპნის გავლით აღმოსავლეთ საქართველოში). მეორე გზა, არტაშატიდან ქართლში მიდიოდა. გარდა ამისა, სამცხესა და ჯავახეთზე გადიოდა აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთით – ტაოსა, კლარჯეთსა და კიდევ უფრო სამხრეთით, მცირე აზიისკენ მიმავალი გზები [გ. მელიქიშვილი, 1970, გვ.535-536], რითაც, როგორც ჩანს, ისარგებლა ანდრია მოციქულმა. Tabula Peutingeriana და "ქართლის ცხოვრების" ცნობების შედარებით ჩანს, რომ ანდრია საქართველოში შემოვიდა იმ გზით, რომელიც ოძრხედან გადადიოდა დასავლეთ საქართველოში და მთავრდებოდა სებასტოპოლისში [ჯაფარიძე ა., 1996, გვ. 30-31].
მნიშვნელოვან წერილობით წყაროს აფხაზეთში საეკლესიო ორგანიზაციის არსებობის შესახებ წარმოადგენს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მონაწილეთა სია, შედგენილი საეკლესიო ეპარქიებისა და საეპისკოპოსო კათედრების მიხედვით. ნიკეის კრებას დაესწრო საქრისტიანო ორგანიზაციების 318 წარმომადგენელი. ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილეთა ნუსხები ჩვენამდე მოღწეულია ექვს ენაზე: ლათინურად, ბერძნულად, კოპტურად, სირიულად, არაბულად და სომხურად. ექვსივე ნუსხაში მოხსენებულნი არიან პოლემონის პონტოს ეპარქიათა წარმომადგენელნი, რომლებიც 325 წლის კრებას დასწრებიან. იქ ყოფილა სამი საეპისკოპოსო კათედრა: ნეოკესარიისა, ტრაპეზუნტისა და პიტიუნტისა [გეორგიკა, I, 1961, გვ. 4].
საყურადღებოა, რომ შემდეგდროინდელ ეკთეზისებში პოლემონის პონტოს ეპარქიაში მოხსენებულია კათედრები:
26
ნეოკესარიისა, ტრაპეზუნტისა და გარდა ამისა, სხვადასხვა დროს: კერასუნტისა, პოლემონისა და კომანისა. ამ ეკთეზისებში, რომელთაგან უძველესი შედგენილია VII საუკუნეში, პიტიუნტი აღარ არის მოხსენებული: საფიქრებელია, რომ ბიჭვინთა ეკლესიურად ექვემდებარებოდა აბაზგიის ავტოკეფალურ ეპარქიას, რომელიც VII ს-დან მოკიდებული ყველა ეკთეზისში იხსენიება. ეს ცნობები იმას მოწმობენ, რომ ძველად (IVს.) ბიჭვინთა შედიოდა პოლემონის პონტოს ეპარქიაში, ხოლო უფრო გვიან, რადგან აბაზგიის ეკლესია ცალკე ავტოკეფალურ ერთეულად გამოეყო, ბიჭვინთის კათედრაც, უთუოდ, ამ ავტოკეფალურ ერთეულში შევიდოდა [გეორგიკა, 1961, გვ. 4-5].
მნიშვნელოვან წერილობით წყაროს წარმოადგენს ბიზანტიელი მწერლის პროკოპი კესარიელის თხზულებები. პროკოპი კესარიელი ყველაზე უფრო ნაყოფიერ და სანდო ისტორიკოსადაა აღიარებული. როგორც ოფიციალური ისტორიკოსი, პროკოპი, რასაკვირველია, იუსიტინიანეს მთავრობის საგანგებო ხაზს ატარებს თავის თხზულებებში. პროკოპი კესარიელი გვაწვდის ცნობას აბაზგების საზოგადოებრივი ვითარებისა და მათი გაქრისიტანების შესახებ: "აბაზგები ძველთაგანვე ლაზების ქვეშევრდომები იყვნენ, ხოლო მუდამ ჰყავდათ ორი თვისტომი მთავარი. ამათგან ერთი დაწესებული იყო დასავლეთის ნაწილში, ხოლო მეორე აღმოსავლეთისაში. ეს ბარბაროსები ჩვენს დრომდისაც თაყვანს სცემდნენ ჭალებსა და ტყეებს. ხეები ბარბაროსებსს რაღაც გულუბრყვილობით ღმერთებად წარმოუდგენიათ.......შემდეგ, იუსიტინიანეს მეფობისას

27
აბაზგების მდგომარეობა შეიცვალა, უმჯობესი გახდა. იმათ მიიღეს საქრისტიანო რწმენა და იუსტინიანე მეფემ მათ პალატის ერთი ევნუქთაგანი გაუგზავნა, ტომით აბაზგი, სახელად ევფრატი....მაშინ იუსტინიანე მეფემ აბაზგების ქვეყანაში ღვთისმშობლის ტაძარი ააშენა და მათ მღვდელმსახურნი დაუყენა და მიაღწია იმას, რომ მათ შეითვისეს საქრისტიანო წესები. მალე ორივე მეფე მოსპეს აბაზგებმა და გადაწყვიტეს თავისუფლად ეცხოვრათ" [Procop, De BG, VIII, 3; გეორგიკა, 1965, გვ. 133-135].
პროკოპი კესარიელის ცნობა იმის შესახებ, რომ იუსტინიანემ აბაზგებს აუგო ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, უკვე დიდი ხანია მკვლევართა ყურადღებას იპყრობს. უკვე ასი წელია მკვლევარები ცდილობენ ამ ტაძრის ადგილმდებარეობის განსაზღვრას. სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ი. კულაკოვსკი ამ ტაძარს სებასტოპოლის – ცხუმში ათავსებდა [Кулаковски Ю., 1897, с. 23-37], პ. უვაროვა [Уварова П., 1894] და ნ. კონდაკოვი – ბიჭვინთაში [Уварова П., 1894; Кондаков Н., 1876, с. 218-219], ზ. ანჩაბაძე – ანაკოფიაში [Анчабадзе З., 1959, с. 27], დ. ლეთოდიანი კი – ძველ გაგრაში [ლეთოდიანი დ., 1991, გვ. 95]. თუმცა ბოლომდე ეს საკითხი მაინც გადაუჭრელი რჩება. ყველაზე სრულად ეს საკითხი ვ. ლექვინაძის მიერ იქნა განხილული, რომელიც იმ დასკვნამდე მივიდა, რომ იუსტინიანეს ტაძარი – ესაა განთიადის ბაზილიკა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტად ავტორს ტრაქეის ლოკალიზაცია მიაჩნია თანამდეროვე გაგრის მიდამოებში, რომელიც პროკოპის ცნობით,
28
იყო საზღვარი აბაზგებსა და აფსილებს შორის [Леквинадзе В., 1970, с. 173].
პროკოპის ცნობას აბაზგების გაქრისტიანების შესახებ იმეორებს VI საუკუნისავე ბერძენი მწერალი ევაგრე სქოლასტიკოსი თავის "საეკლესიო ისტორიაში" [გეორგიკა, 1936, გვ. 297], საიდანაც ეს ცნობა ეფრემ მცირემ თავის "უწყებაში" გადმოიტანა [ჟორდანია თ., 1892, გვ. 53]. ეფრემის "უწყებიდან" ეს ნაწყვეტი შეუტანიათ შევსებულ "ქართლის ცხვორებაში" [ქართლის ცხოვრება, 1955, გვ. 215]. "უწყებაში" სწერია: "ხოლო აფხაზთათვის ევაგრე ეპიფანესი საეკლესიო მოთხრობასა შინა თვისსა აღწერს ოცდამეორესა თავსა შინა და იტყვის ესრეთ: მათვე ჟამთა შინა იუსტინიანეს მეფობისათა, აფხაზნიცა შეიცვალნეს უმჯობესად, და ქრისტიანობისა შეიწყნარეს ქადაგება. რამეთუ პალატსა შინა იუსტინიანეს მეფისასა იყო ვინმე საჭურისი, აფხაზი ნათესავით, და ევფრატა სახელისდებით, რომელი წარივლინა მეფისა მიერ ქადაგებადა მათდა და აღთქმად, ვითარმედ ამიერითგან არცა ერთიღა-ვინ ნათესავისა მათისაგანი განპუებული იქნებოდეს მამაკაცობისაგან რკინისა მიერ იძულებითი ბუნებისაითა. რამეთუ მრავალნი იყვნეს მათგანნი სამეუფოსა საწოლისა, რომელთა საჭურის იცის წოდება ჩუეულებამან. ვინაცა იუსტინიანე ტაძარი წმინდისა ღმრთისმშობლისა აღაშენა აფხაზეთს შინა (ქართლის ცხოვრება უმატებს: ბიჭვინტას) და მღვდელნი დაადგინნა მას შინა, რათა უგანცხადებულესად ასწავებდენ სჯულსა ქრისტიანობისასა". პროკოპი კესარიელის ამ ადგილით ისარგებლა აგრეთვე ნიკიფორე კალისტემ [გეორგიკა, 1965, გვ. 215].
29
პროკოპის თხზულებაში De bello gothico დაცულია ცნობა აფსილების შესახებაც: "აფსიელბი ლაზების ქვეშევრდომნი არიან და ისინი ძველთაგანვე ქრისტიანები იყნვნენ, როგორც სხვა დანარჩენი ტომებიც, რომლებიც მე ამ წიგნში მოვიხსენიე" [Procop, De BG, VIII, 2; გეორგიკა, 1965, გვ. 120]. ამ წიგნში კი პროკოპი პირველ რიგში და ყველაზე ვრცლად სწორედ ლაზებზე ლაპარაკობს. მაშასადამე, "ძველთაგანვე ქრისტიანებში" იგი სწორად ლაზებს გულისხმობს [ლომოური ნ., 1973, გვ. 187-188].
აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს თეოდორიტე კვირელის (393-457/8) "საეკლესიო ისტორიაში" დაცული ცნობა, ლაზების, სანებისა და აბაზგების გაქრისტიანების შესახებ [გეორგიკა, 1961, გვ. 226-227].
თეოდორიტე კვირელთანაა დაცული ცნობა იოანე ოქროპირის ბიჭვინთაში გადასახლების შესახებ: "მისმა (იოანეს) მტრებმა მოიწვიეს სხვა კრება და მისი გასამართლება კი არ მოითხოვეს, არამედ დაარწმუნეს მეფე განაჩენი კანონიერი და სამართლიანიაო და არა თუ იმ ქალაქიდან (კონსტანტინოპოლიდან) გააძევეს ის, არამედ არმენიის ერთ პატარა და უდაბურ დაბაში გადააგზავნეს: ამ დაბის სახელია კუკუსოს. ხოლო იქიდან წამოიყვანეს და პიტიუნტში გადაასახლეს: ეს არის უკიდურესი საზღვარი პონტოსი და რომაელთა სამფლობელოსი, უკიდურესი ბარბაროსების მეზობლად. მაგრამ კაცთმოყვარე უფალმა არ ინება, რომ ეს ძლევამოსილი მოღვაწე იმ პატარა კუნძულზე ყოფილიყო წაყვანილი: კომანაში რომ იყო, უფალმა ის გადაასახლა სამუდამოდ უმწუხარო სამყაროში"
30
[გეორგიკა, 1961, გვ. 224]. ეს დეტალი იოანე ოქროპირის ბიოგრაფიისა, მისი გადასახლება ჯერ მცირე არმენიის კუკუსოში და შემდეგ ბიჭვინთაში საყოველთაოდაა ცნობილი. მსგავსი ცნობა დაცულია თეოფანე ჟამთააღმწერლის "ქრონოგრაფიაშიც" [გეორგიკა, 1941, გვ. 76].
აფხაზეთში ქრისტიანობის შესახებ მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის თეოდოსი განგრელი (VII ს.), იერუსალიმელი მონაზონი. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ბიზანტიის მთავრობის მიერ დევნილ, მონოთელიტების წინააღმდეგ მებრძოლთა დაცვაში. მის სახელთანაა დაკავშირებული მაქსიმე "აღმსარებლის" ცხოვრების უკანასკნელი წლების შესახებ ცნობების შემცველი თხზულებების (ანასტასი აპოკრისიარის წერილის) გამოქვეყნება და აგრეთვე საკუთარი, 668/669 წლით დათარიღებული, მოგონების დაწერა იმავე მაქსიმეს შესახებ [Брилиантов А., 1917, с. 7-9].
მაქსიმე "აღმსარებელი" ცნობილია ისტორიაში, როგორც მთავარი მოწინააღმდეგე მონოთელიტებისა და მონოფიზიტებისა. მისი ცხოვრების აღმწერთა გადმოცემით 662 წელს ის გაუძევებიათ ბიზანტიიდან და ანასტასი აპოკრისარისთან და ანასტასი მონაზონთან ერთად გადაუსახლებიათ ლაზეთში, სადაც ის გარდაცვლილა იმავე წელს. ანასტასი აპოკრისიარის თავისი გრდაცვალებიდან ცოტა ხნით ადრე, წერილი მიუწერია თეოდოსი განგრელისათვის; ამ წერილში მას დაწვრილებით აღუწერია მაქსიმეს და მის თანამგზავრთა თავგადასავალი. ანასტასის წერილი თეოდოსს გამოუქვეყნებია სხვა მასალასთან ერთად და საკუთარი მოგონებებიც დაურთავს ზედ [გეორგიკა, 1941, გვ. 38].
31
ანასტასის ეს წერილი დაცულია ლათინურ თარგმანში, რომელიც შესრულებულია IX ს-ში ანასტასი ბიბლიოთეკარის მიერ. ბერძნულად კი მოღწეულია მხოლოდ ერთი ნაწილი [გეორგიკა, 1941, გვ. 38-39].
ტექსტები შეიცავენ მრავალ ძვირფას ცნობას ლაზეთის ზოგიერთი გეოგრაფიული პუნქტისა და ლაზეთის (და ნაწილობრივ იბერიის) პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ VII საუკუნეში. აქ მოხსენებულია შემდეგი გეოგრაფიული პუნქტები: სქიმარი (სქიომარი, სხიმარი), სკოტორი, მუკორისი, ბუკულუსი (ბუკოლუსი), თაკვირია, ფუსტა, თუსუმე. მოხსენებულია ეს პუნქტები შემდეგ კონტექსტში: ბიზანტიის მონოთელიტურმა ხელისუფლებამ, რომლის სათავეში იდგა მაშინ კონსტანტინე III პოგონატი (641-668წწ.), მონოთელიტური მიმდინარეობის მოწინააღმდეგენი, მაქსიმე და ორი ანასტასი, გადაასახლა ლაზეთში 662 წელს. სამივე მოღვაწე ერთად გააგზავნეს ლაზეთში, ხოლო ლაზეთში ჩაყვანის შემდეგ ისინი ერთმანეთს დააშორეს და სხვადასხვა ადგილი მიუჩინეს საპყრობილედ: მაქსიმეს – სქიმარი, ანასტასი ბერს – სკოტორი, ანასტასი აპოკრისიარის – ბუკულუსი. მაქსიმე გარდაიცვალა იმავე სხიმარის ციხეში [გეორგიკა, 1941, გვ. 51-52].
ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ ანასტასი თავის წერილში რამდენიმეჯერ იმეორებს სიტყვებს: "ქრისტესმოყვარე აბაზგები", "ქრისტესმოყვარე და ღვთისმოყვარე მთავრები" [გეორგიკა, 1941, გვ. 44-45] და სხვ.
32
დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ორგანიზაციის სისტემის თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ბიზანტიის საეკლესიო ცენტრების ნუსხები, ე.წ. ეკთეზისები, რომლებშიაც კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებულ კათედრათა შორის ნახსენებია დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრებიც [გეორგიკა, 1952, გვ. 123]. პირველი წყების ხუთი ეკთეზისი VII-IX სს-ით თარიღდება. მათგან უძველესია ის, რომელიც ეპიფანე კვიპრელის სახელს ატარებს და VII ს-ით თარიღდება [გეორგიკა, 1952, გვ. 186]. ამ VII ს-ის ძეგლში კონსტანტინეპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებულ კათედრათა შორის დასახელებულია ფასისის მიტროპოლიტი ლაზეთში და მისდამი დაქვემდებარებული ოთხი ეპისკოპოსი: როდოპოლისის, საისის, პეტრისა და ზიღანევის; აგრეთვე ავტოკეფალური არქიეპისკოპოსები:

ა) აბაზგიაში – სებასტოპოლის არქიეპისკოპოსი;

ბ) ჯიქეთში – ქერსონის, ბოსფორისა და ნიკოფსიის არქიეპისკოპოსები [გეორგიკა, 1952, გვ. 184].

დანარჩენ ოთხ ნოტიციაში (I, VI, VIII და IX) ასევეა ჩამოთვლილი ლაზიკის მიტროპოლიაში შემავალი საეპისკოპოსოები და საარქიეპისკოპოსოები. საარქიეპისკოპოსოები აღნიშნულია აფხაზეთში ერთი – სებასტოპოლისი და ჯიქეთში სამი – ქერსონის, ბოსფორისა და ნიკოფსიის. ამათგან მეორე წყების ეკთეზისებში დარჩენილია მხოლოდ ორი: ქერსონის და ბოსპორის საარქიეპისკოპოსოები, ე.ი. ჯიქეთის ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსოთაგან, რომლებიც ექვემდებარებიან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, ნიკოფსიის საარქიეპისკოპოსო
33
ჩამოშორებია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. ცხადია, ნიკოფსიის საარქიეპისკოპოსო ჩამოშორდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის იურისდიქციას ისევე, როგორც ჩამოშორდა ლაზიკის მთელი მიტროპოლია და აფხაზეთის (სებასტოპოლის) საარქიეპისკოპოსო [გეორგიკა, 1952, გვ. 187].
აღნიშნულ საეპისკოპოსო კათედრათა ადგილმდებარეობა დღეს კარგადაა განსაზღვრული: როდოპოლისი იგივე ვარდციხეა, პეტრა – თანამედროვე ციხისძირი, ზიღანევი – გუდავა, რაც შეეხება საის, მას ს. ყაუხჩიშვილი აიგივებს ქართულ ცაიშთან [გეორგიკა, 1952, გვ. 188-189]. როგორც ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს, ეკთეზისებში არაა ნახსენები არქეოპოლისი და, მაშასადამე, ამ ქალაქებში საეპისკოპოსო კათედრა არ ყოფილა [ბერძენიშვილი ნ., 1990, გვ. 517-518]. ხოლო "აბისენონის საეპისკოპოსო", მისი აზრით, შეიძლება აბაშის, იგივე ჭყონდიდის საეპისკოპოსოს აღნიშნავდეს, რომელიც არქეოპოლისსაც მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ ამ სახელის დაკავშირების შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ ს. ყაუხჩიშვილმა მიუთითა, მაგრამ ეს იგივეობა უკუაგდო, რადგან ხელნაწერებში წერია "ავიშელთა" და არა "აბაშელთა" და, გარდა ამისა, მისი სიტყვით, აბაშაში არასოდეს არ ყოფილა კათედრა [გეორგიკა, 1952, გვ. 189]. მაშასადამე, ს. ყაუხჩიშვილი "აბესენონის" კი არ აკავშირებს ცაიშთან, არამედ "საისენონის", ხოლო ერთადერთ ეკთეზისში მოხსენიებულ "აბისენონს" მიიჩნევს იგივე "საისენონის" დამახინჯებულ ფორმად [გეორგიკა, 1952, გვ. 188-198].
ნ.ლომოურის აზრით, ჩვენს ხელთ არსებული ეკთეზისებიდან ზუსტად არ ჩანს თუ როდის ჩამოყალიბდა აქ
34
დამოწმებული სისტემა, როდიდან დაჯდა ფაზისში ლაზიკის მიტროპოლიტი, მისი ხელქვეითი საეპისკოპოსოები როდის შეიქმნა და სად იყო მათი ცენტრები, თავიდანვე ზემოთ დასახელებულ ოთხ ქალაქში, თუ სადმე სხვაგან? [ლომოური ნ., 1987, გვ. 43-44]. ნ. ლომოურის აზრით, ის, რომ საეკლესიო ცენტრების შეცვლა ხდებოდა, ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ IV ს-ის 20-30-იან წლებში ბიჭვინთა წარმოადგენდა საეპისკოპოსო ცენტრს, ხოლო VII ს-ის და შემდგომი ხანის ეკთეზისებში პიტიუნტში ეპისკოპოსი აღარ ზის – აბასგიის ეპარქიის ცენტრს წარმოადგენს სებასტოპოლისი [ლომოური ნ., 1987, გვ. 44].
ნ.ლომოური არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი საეპისკოპოსო კათედრა თავდაპირველად არქეოპოლისშიც ყოფილიყო, ხოლო შემდეგ მას რაიმე მიზეზით გადაენაცვლებინა სხვა ქალაქში. შესაძლოა ბიზანტიის ხელისუფალთ ეს გაეკეთებინათ იმ მიზნით, რომ სულ უფრო მეტად განკერძოების გზაზე შემდგარი ეგრისის მეფეთა სატახტო ქალაქის როლი დაეკნინებინათ. ნ. ლომოური ასკვნის, რომ ყოველ შემთხვევაში VII ს-თვის არც ნოქალაქევ-არქეოპოლისში და არც მის უშუალო სიახლოვეს საეკლესიო კათედრა არ არსებობდა, და რომ ბიზანტიურ წყაროში დამოწმებული ეგრისის საეკლესიო წყობილება შედარებით გვიან შექმნილი სისტემაა [ლომოური ნ., 1987, გვ. 40-44].
ამ საკითხს ყურადღება მიაქცია ვ. ლექვინიძემაც. მისი აზრით, არქეოპოლისში ეპისკოპოსის არ არსებობა აიხსნება იმით, რომ ეს ქალაქი ლაზიკის დედაქალაქი იყო და ლაზთა მეფეებს არ სურდათ მათ გვერდით კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი

35
დაქვემდებარებული ეპისკოპოსის ყოფნა, რომელიც ლაზიკის მეფეთა კარზე ჯაშუშის თუ ზედამხედველის როლს შეასრულებდა [Леквинадзе В., 1974, с. 119].
ამით ამოიწურება ის წერილობითი წყაროები, რომელიც რამდენადმე ასახავს საეკლესიო ცხოვრებასა და რელიგიურ განწყობას აფხაზეთში ჩვენთვის საინტერესო პერიოდში. ამჯერად კი ძირითად აქცენტს არქეოლოგიურ ძეგლებსა და მონაპოვრებზე გადავიტანთ, საკითხის მეტად თვალსაჩინოების მიზნით.
ირმა ბერძენიშვილი

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента