ЭКОНОМИКА

აფსუების ჩამოსახლება _ ექსპანსია (ნაწილი 3) (აფხაზი თუ აფსუა?)

20.11.15 19:47




ფაქტიურად უკვე XV საუკუნიდან ადიღეური (და აბაზური) ტომების თარეში შავიზღვისპირეთის მიმართულებით იმდენად ინტენსიური გახდა, რომ მან აფხაზეთში მოსახლეობის ცვლა გამოიწვია. აფხაზეთის ძველი მკვიდრი, ქრისტიანი და მიწათმოქმედი მოსახლეობის ნაწილი, ადიღეურ-აბაზური მოდგმის ტომებმა ან თურქეთის ბაზრებში გაყიდეს, ანდა მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა სახმრეთ-აღმოსავლეთით, ენგურს გამოღმა გადმოიწია. მოშიშვლებულ, გაპარტახებულ აფხაზეთის ტერიტორიას კი შემდეგ მიგრანტი ადიღეელები და აბაზები დაეუფლნენ, რომელთა მიგრაცია ორი მიმართულებით _ ზღვის მხრიდან და მთიდან ხდებოდა1.



XVI-XVII საუკუნეებში ადიღე-ჩერქეზებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოსთან. როგორც ჩანს ისინი ხშირად თავშესაფარს პოულობდნენ აფხაზეთში, სადაც ჩრდილოდასავლეთიდან თანდათანობით მოიწევდნენ და უკაცრიელ ადგილებში (შესაძლებელია მასობრივი სენის შედეგად გაწყვეტილ ტერიტორიებზე) სახლდებოდნენ კიდეც. ამის შედეგი უნდა იყოს არა მხოლოდ აბაზააფსუების ჩასახლება აფხაზეთში, არამედ ჩერქეზების (ჯიქუბიხების, შაფსუღების, ნატუხაელების და სხვ.) ჩამოსახლებაც ტუაფსესოჩაადლერის მხარეშიც. მართალია ქართული წყაროები დეტალურად არ იცნობენ ადიღეჩერქეზთა მრავალრიცხოვან ტომებს (მაგალითად, შაფსუღებს, ნატუხაელებს, აბაძეხებს, თემირგოველებს და სხვებს ისე, როგორც აბაზა-აფსუებს), რადგან ისინი აფხაზეთის არემარეში არ ჩანდნენ ადრე, მაგრამ ჩანს, მეზობელ ჩრდილო კავკასიელებს, სახელდობრ ჩერქეზებს თავიანთი ტერიტორიიდანაც ჰქონდათ ეს ურთიერთობა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ რაჭველები, სვანები და მეგრელები დიდი ხნის წინაც იცნობდნენ ჩერქეზებს, მაგალითად, სვანურმა ენამ დღემდე შემოინახა მათი უძველესი სახელი ქაშაგი, ქართული წყაროები იცნობს ჯიქს, კერკეტებს და სხვ.2

ჩრდილოდასავლეთი კავკასია, მდინარე ყუბანის აუზი უძველესი დროიდან იყო ადიღეური მოდგმის ტომების საცხოვრისი.

აფხაზეთი თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საუკუნეთა მანძილზე წარმოადგენდა იმ ძირითად არტერიას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს სამეფო უკავშირდებოდა დასახელებულ ტომებს. პოლიტიკური სიტუაციები და ეკონომიკური კრიზისები, "აგრეთვე მეურნეობასთან დაკავშირებული აუცილებლობანი, ხშირად აიძულებდა ცალკეულ ადიღეელ ტომებს, გამოეცვალათ თავისი ადგილსამყოფელი და სხვაგან გადასახლებულიყვნენ"3

XVI საუკუნიდან უცხოელი ავტორები აფხაზებს "აბაზა" ტერმინით იხსენიებენ. "აფხაზ" და "აბაზა" ტერმინების გაიგივებაში აფხაზეთში მთის ჩამოწოლის პროცესის დადასტურება უნდა დავინახოთ.

XVII საუკუნის უცხოური წყაროების მოწმობით, "აფხაზები" კავკასიელი მთიელები არიან, რომელთაც ჯერ ვერ შეუთვისებიათ ფეოდალური მეურნეობა, ფეოდალური წყობა, ქრისტიანობა. ისინი თავიანთი პრიმიტიული ყოფითა და წარმართული რელიგიით აშკარად არ არიან იმ აფხაზთა შთამომავალნი, რომლებიც ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს კულტურულ-პოლიტიკურ მშენებლობაში მონაწილეობდნენ ქართველ ტომებთან ერთად... ამ პერიოდის უცხოელი ავტორები აფხაზებს კავკასიელი მთიელებისაგან ვერ არჩევენ. მათი წარმოდგენით, აფხაზების ყოფა, ტანსაცმელი, ტრადიციები ჩერქეზებისას ჰგავს.

მთის ჩამოწოლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური სახე. ჩამოსახლებულ მთიელთა ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე აფხაზური (აფსუა) ეთნოსი. "აფხაზი" უკვე არ არის კულტურულ-პოლიტიკურად ქართველი, აფხაზთა ტომი ახალი ეთნიკური სახით ჩამოყალიბდა. ამ ახალ ეთნიკურ ჯგუფს ქართველებმა მექანიკურად ისევ "აფხაზი" უწოდეს, ისინი კი თავიანთ თავს "აფსუას" უწოდებენ4.

საგულისხმოა, რომ თვითსახელწოდება "აფსუა" ეთნონიმ "აბაზას" ფონეტიკური სახეცვლილებაა. ენათმეცნიერებაში აღიარებულია, რომ აფხაზური (აფსუა) ენა აბაზურ ენასთან ერთად ქმნის ერთ ენობრივ ერთეულს და მათ შორის მხოლოდ დიალექტური განსხვავებაა. საინტერესოა, რომ ჩრდილოკავკასიელი ხალხები "აფხაზებს" თავიანთი მეზობელი მთის აბაზური თემების სახელებს უწოდებდნენ: ყაბარდოელები _ აიბგას, უბიხები _ ბასხიგს, ყარაჩაელები _ აჰჭიფსს. ე. ი. ისინი ამ თემებსა და აფხაზებს (აფსუა) ერთ ხალხად მიიჩნევდნენ5.

ტერმინ "აფხაზეთის" და "აფხაზის" დავიწროება-შეკუმშვა მოხდა ერთიანი პოლიტიკური საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ. XVII საუკუნის დასაწყისში კი სამეგრელოს სამთავროს გამოეყო აფხაზეთის საერისთავო და ცალკე სამთავროდ იქცა. სწორედ აფხაზეთის დამოუკიდებელ სამთავროდ გამოყოფის დროიდან უკვე სწრაფად უნდა მომხდარიყო ტერმინ "აფხაზი"-ს და "აფხაზეთი"-ს რეტირადა. გაფართოებული ტერმინი შეკუმშვისას ბუნებრივია დაუბრუნდა თავის მშობლიურ სახლს, "საკუთრივ აფხაზეთს", თავის საწყის ნორმალურ ზომას _ ანაკოფიასა და ბზიფს შორის მდებარე ტერიტორიას. დავიწროება-შეკუმშვისას, ანუ, უფრო სწორად, ნორმალურ საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას სამი-ოთხი საუკუნის შემდეგ, ტერმინ "აფხაზ" _ "აფხაზეთს" თავისი მშობლიური _ "საკუთრივ აფხაზეთი" დახვდა ეთნოდემოგრაფიულად სახეშეცვლილი. თავის სამშობლოში მას დახვდა არა მარტო აფხაზები, არამედ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებული ადიღეური ტომი _ აფსუები6.

ქრისტიანულ აფხაზეთში წარმართობა მომძლავრდა, ამასთანავე დამპყრობელი ოსმალების გავლენით ისლამი იკიდებს ფეხს. XV-XVI საუკუნემდე დასავლეთ საქართველოს საერთო ქართულ სოციალურ-კულტურულ სამყაროდ აღიქვამდნენ, განსაკუთრებით XVII საუკუნიდან მკვეთრად გამოყოფენ და განასხვავებენ ერთმანეთისაგან კოდორის სამხრეთით და მის ჩრდილოეთით მცხოვრებთა ყოფას. სწორედ XVII საუკუნიდან ჩნდება პირველი ცნობები კოდორის ჩრდილოეთით ქართულისაგან (მეგრულისაგან) განსხვავებული სალაპარაკო ენის არსებობის შესახებ (აბულ ფიდა, პიეტრო გერალდა, ჯოვანი ჯულიანო და ლუკა, არქანჯელო ლამბერტი, ევლია ჩელები და სხვები)7.

ამდენად, აფსუების ექსპანსიის შედეგად აფხაზი წარმართად ან მაჰმადიანად იქცა, აფხაზეთი _ ადრეფეოდალური ურთიერთობის ქვეყნად. ასე წარმოიშვა "ახალი აფხაზეთი", რომლის მკვიდრი მოსახლე ქართველობა (ძირითადად მეგრელობა) გააქციეს ან გაააფსუეს, რომელთაც ზურგს უმაგრებდნენ, რაოდენობრივად ავსებდნენ და სულიერად ასაზროდებდნენ ჩრდილოელი ჩერქეზები: უბიხები, ჯიქები, ბჟედუხები, შაფსუღები, აბაძეხები, ყაბარდოელები, ყირიმელი თათრები, თურქოსმალები და სხვა რჯულისა და სულის ხალხი. ასე წარმოიშვა ქრისტიანი საქართველოს მოძულე და დაუძინებლი მტერი _ მაჰმადიანური აფხაზეთი, რომელიც თურქეთის შემდეგ რუსეთის ქვეშევრდომ და სტრატეგიულ პუნქტად იქცა8. მათმა მთავრებმა დაიკავეს ტერიტორია კოდორიდან ენგურადმე. ამ ტერიტორიაზე მოსპეს ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ვინც შიმშილს, მახვილსა და ავადმყოფობას გადაურჩა, ოსმალეთში გაყიდეს, ხოლო მათ ადგილას აფუსები დაასახლეს9.

XVII საუკუნის პირველ ნახევარში სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა რამდენჯერმე დაარბია აფხაზეთი. პარალელურად აქ, ადიღეელები და განსაკუთრებით აბაზინები კვლავ უწყვეტ ნაკადად მოედინებოდნენ მთებიდან და ავსებდნენ აფხაზთა სამთავროს დანაკლისს. ამან აიძულა ლევან II დადიანი, რომ "ანაკოფიის აღმოსავლეთ ზღვიდამ მთამდე შეავლო ზღუდე დიდი... აფხაზთა გადმოუსვლელობისათვის"10.

პარადოქსია, რომ ლევან II დადიანის მიერ "აფხაზთაგან" დასაცავად ამართულ ზღუდეებს აფსუა ისტორიკოსები "Великая абхазская стена"ს უწოდებენ11.

შემთხვევითი არ არის, რომ აფხაზებად "მონათლული" გამაჰმადიანებული აფსუა ფეოდალები მათთვის უცხო ქართველებზე თითქმის ნადირობდნენ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII საუკუნის დასაწყისში აფხაზები "დაუხვდებიან ოსმალთა ნავითა და ლაზჭანთა და უფრორად ოდიშგურიასა". აფსუები დიდი ნავებითYმოულოდნელად მიადგებოდნენ ნაპირს, ვისაც მოახელებდნენ იტაცებდნენ და თურქებზე ყიდდნენ ან აფხაზეთში ყმებად ასახლებდნენ.

აფსუა მეკობრეებს თურქებიც კი უფრთხოდნენ. 1715 წლის მაისში ჭანმა რაისმა სულხანსაბა ორბელიანი ქობულეთში არ წამოიყვანა, რადგან "გურიას ხომალდს ვერ წამოვიღებო, აფხაზი აშლილია, მეშინიანო"12.

ამ პერიოდში აფხაზეთში აღარ შენდებოდა ქრისტიანული ეკლესიები, არსებული კი ინგრეოდა, ნადგურდებოდა. შემთხვევითი არ იყო, რომ ასეთი პირობების გამო "აფხაზეთის კათალიკოსი", რომლის რეზიდენცია ბიჭვინთაში მდებარეობდა, იძულებული გახდა XVI საუკუნეში ქუთაისთან ახლოს გელათში გადმოსულიყო13. იგივე ლევან დადიანის ერთი საყურადღებო საბუთის მიხედვით: "...მას ჟამსა უღმრთოდ და უსჯულოებად მიიქცეს აფხაზნი... აფხაზთა გარყუნეს სჯული და კათალიკოზობა"14.

ამ მოვლენამ კიდევ უფრო მწვავედ იჩინა თავი კათალიკოსების დავით ნემსაძისა (1673-1696 წწ.) და გრიგოლ II ლორთქიფანიძის (1696-1742 წწ.) პერიოდში. აფსუების ექსპანსიის შედეგად მდინარე ენგურს გაღმა მდებარე ტერიტორიები ქართული მოსახლეობისაგან დაიცალა. განადგურდა საკათალიკოსო სოფლები. როდესაც კათალიკოსი გრიგოლ II მდინარე ენგურს გაღმა გადავიდა, რათა "აფხაზისაგან" აყრილი საკათალიკოსო ყმები შეენარჩუნებინა, სოფელ ნაჟანეულში ადრე საკათალიკოსოს კუთვნილი 60 კომლი ყმიდან მხოლოდ ექვსიღა დახვდა, ასეთივე მდგომარეობა იყო სხვა სოფლებშიც. კათალიკოსმა გრიგოლმა ყველა გადარჩენილი საკათალიკოსო ყმა მდინარე ენგურის გამოღმა გადმოიყვანა და ოდიშის სოფლებში დააასახლა.

სრულიად საკათალიკოსო მამულის დავთარში, რომელიც XVIII საუკუნის ვითარებას აღწერს, ასევე ამ პერიოდის სხვა წერილობით წყაროებში არსად მდინარე ენგურს გაღმა მდებარე არცერთი საკათალიკოსო სოფელი უკვე აღარ იხსენიება15.

ჩრდილო კავკასიიდან აფსუების ჩამოსახლებაზე აფხაზეთში პირდაპირი წერილობითი წყაროებიც მოგვეპოვება, კერძოდ, რუსი ისტორიკოსების მამად წოდებული, პეტრე პირველის თანამედროვე წყაროთმცოდნეისტორიკოსი (სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, რუსეთის ისტორიის ხუთტომეულის ავტორი) ვ. ნ. ტატიშჩევი, რომელიც წერს, რომ აფხაზეთის მოსახლეობა "ობეზები" _ არიანო, ის ობეზად მიიჩნევს აფხაზს, ხოლო ყუბანისპირეთიდან მოსულ "აფსუას არა "ობეზად" და არა აფხაზად თვლის. როგორც ვხედავთ, ყოველმხრივ გათვითცნობიერებული ტატიშჩევი, რომელიც დაინტერესებულია შავი ზღვით და საერთოდ სამხრეთის ქვეყნებით (ბუნებრივია მათი მოსახლეობით), თვითმხილველია აფხაზეთში მიმდინარე ეთნიკური პროცესების, იქ ჩრდილო კავსკასიის ხალხის მიგრაციის16.

საერთოდ, ჩრდილო კავკასიიდან პერმანენტულმა მიგრაციებმა განაპირობეს შიდა მიგრაციული პროცესებიც. მთაში დამკვიდრებული მოსახლეობა ჩრდილო კავკასიელი, უკვე მეზობელი, მთიელი ტომების თავდას ხმების გამო ქვეყნის მთისწინა და ბარის რეგიონებისაკენ ინაცვლებდა; მკვიდრ მოსახლეობას, რომელიც მას გზაზე ხვდებოდა, ავიწროებდა და გაქცევას ან "გააფხაზებას" აიძულებდა. XVIII საუკუნეში დოკუმენტურადაა დადასტურებული შემთხვევები, როდესაც ფსხუელები თარეშით ხშირად ქვეყნის შიდა რაიონებამდე აღწევდნენ და ზოგჯერ სოხუმამდეც ჩამოდიოდნენ; ბზიფის მხრიდან ჯიქები, კოდორის ხეობიდან კი წებელდელები იჭრებოდნენ.

ჩამოსახლებული კავკასიელების ახალახალი ნაკადები ადრე ჩამოსახლებულ მოსახლეობას ფეხის მოკიდებასაც არ აცდიდნენ თანდათანობით ისე მიერეკებოდნენ მთისწინეთსა და ბარში17. ქართველების ის ნაწილი, რომელიც საცხოვრებლად იქვე რჩებოდა, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უპირატესობის მოსაპოვებლად საკუთარ ეროვნულ მრწამსს უცხო ეთნიკური ჯგუფის ეთნორელიგიურ მრწამსზე ცვლიდა18.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აფხაზეთში აფსუების მოძალებამ ფეოდალური ურთიერთობის კანონზომიერი პროცესი შეაფერხა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ყველა დანარჩენი კუთხისაგან განსხვავებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე XVIII საუკუნეშიც კი გლეხთა დიდი ნაწილი ერთი მებატონიდან მეორესთან თავისუფლად გადასვლის უფლებით ჯერ კიდევ სარგებლობდა, იგი მიწაზე საბოლოოდ არ იყო მიმაგრებული. ამიტომაც იზიდავდა დასავლეთ საქართველოს სხვა ნაწილების მწარმოებელ მოსახლეობას აფხაზეთი; ამიტომ გარბოდნენ იქ, განსაკუთრებით სამეგრელოდან, ყმა გლეხები, რომლებმაც თანდათან დროთა განმავლობაში ჩამოაყლიბეს გააფხაზებული ქართველების მრავალრიცხოვანი მოსახლეობა19.

აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შერვაშიძის შვილი, ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი შერვაშიძე აიდეალებდა პატრიარქალური ცხოვრების წესს, რაც დამახასიათებელი გახდა გვიანი ფეოდალიზმის დროს აფხაზეთში აფსუათა "ჩამოწოლის" შედეგად. ის აღნიშნავდა: "აფხაზეთში საზოგადოებრივი წყობა სულ სხვა იყო, ვიდრე რუსეთში. ყველა კმაყოფილი ცხოვრობდა, და არ იყო არც გაჭირვებული, არც მონები. თავადები და გლეხები მეგობრულად ცხოვრობდნენ, ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობოდნენ, რადგან აფხაზეთში არ არსებობდა ბატონყმური დამოკიდებულება..."20

სავსებით მართალია გ. შერვაშიძე ამ შეფასებაში, მაგრამ ბუნებრივია ავტორი არ ან ვერ განმარტავს ამ განსხვავებას. მაშინ, როცა მთელ საქართველოში სავსებით კანონზომიერად გვიანი ფეოდალიზმის დროს მთელი თავისი შედეგებით ვითარდებოდა ბატონყმური ურთიერთობა, მხოლოდ აფხაზეთში, როგორც "ოაზისი უდაბნოში" პატრიარქალობისა და წარმართობისაკენ დაბრუნება ხდებოდა.

დოკუმენტური წყაროების მიხედვით, აფხაზეთში ქართველების დევნა და შევიწროება გრძელდებოდა XIX საუკუნეშიც, რადგან კავკასიის მთებიდან და დასავლეთიდან ახალ ნაკადად მოედინებოდა ჯიქების, უბიხების, აბაზების, მედოველების, აჩიპსების, აიგბების და სხვათა აგრესიული მიგრაციის პროცესი. ესენი მოსვენებას უკარგავდნენ არა მხოლოდ აფხაზეთის მშვიდობიან მოსალხეობას, არამედ გაგრაში, გუდაუთაში, სოხუმსა და სხვაგან დაბანაკებულ რუსულ სამხედრო ნაწილებსაც.21

აფსუები აფხაზეთის ტერიტორიის გარდა კომპაქტურად დასახლდნენ აჭარაში. ისინი მოჰაჯირთა შთამომავლები არიან, რომლებიც XIX საუკუნის II ნახევარში გაასახლეს აფხაზეთიდან თურქეთში. "აჭარელი აფხაზები, ისევე როგორც მათი თანამემამულეები აფხაზეთში, თავის თავს აფსუას უწოდებენ"22. მათი ეთნოგრაფიული ჯგუფის ჩამოყალიბება მიმდინარეობდა თურქეთში გადასახლების პერიოდში23.

აჭარის "აფხაზებიც" წარმომავლობის თვალსაზრისით ფერიელ აფხაზებს ანსხვავებენ ანგისელებისაგან. ფერიელები ანგისელებს უწოდებენ ბზიფის აფხაზებს _ "ბზიფაა აფსუაა", ხოლო ანგისელი აფხაზები ფერიელებს ჩერქეზ აფხაზებს _ "ჩერქეზ აფსუაა". გარდა ამისა ყველა ესენი თავიანთ თავს უწოდებენ როგორც აბაზას ისე ჩერქეზს24.

აფსუა მეცნიერები აცხადებენ, რომ დროთა განმავლობაში ხორციელდებოდა აფხაზთა ძალდატანებითი ასიმილირების პოლიტიკა, ქართველთა დემოგრაფიული ექსპანსია. ამის საპასუხოდ ყველაზე თვალნათლივ სტატისტიკა მეტყველებს. მაგალითად, 1886 წელს სოხუმში სამი "აფხაზი" ცხოვრობდა: ერთი ქალი და ორი მამაკაცი. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. ასევე იყო ოჩამჩირეში, გუდაუთაში და სხვ.

1926 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, აფხაზეთში ცხოვრობდა 67494 ქართველი ანუ 33,3% და 55918 "აფხაზი", რაც 27,8%ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ აღწერის მიხედვით, 8920 აფხაზი ანუ თითქმის ყოველი მეექვსე მშობლიურ ენად ქართულს თვლიდა25. ბუნებრივია, ესენი ყველა "გააფხაზებული" ქართველები იყვნენ. სხვა ეროვნებები ავტონომიურ რესპუბლიკაში აღნიშნულ წელს შემდეგნაირად გამოიყურებოდნენ:L რუსები 12 ათასი ანუ 6,0%, სომხები 25 ათასი ანუ 12, 5%; დანარჩენი მოსახლეობა 41 ათასი ანუ 20,4%; სულ 201 ათასი ადამიანი.

1928-1930 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა 210 ათასზე მეტი სული. მათგან ყველაზე მეტი _ 123412 ქართველები და აფსუები იყვნენ. დანარჩენი მოსახლეობა: სომხები, ბერძნები, ესტონელები, გერმანელები, თურქები და სხვ. შადგენდა 86588 კაცს26.

ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს "აფხაზები" ჯარში არ მიჰყავდათ, რის გამოც დაიწყო ქართული მოსახლეობის "გააფხაზება", ამ პროცესმა განსაკუთრებით აქტიური სახე მიიღო XX საუკუნის 20იანი წლებიდან. ამდენად, აფუსები აფხაზეთში გახდნენ არა მხოლოდ ერი, არამედ პრივილეგირებული კლასი, რომლის რიგებიდანაც ყალიბდებოდა ავტონომიური რესპუბლიკის მთელი ადმინისტრაცია საოლქო კომიტეტის პირველი მდივნიდან დაწყებული, დამთავრებული პატარპატარა საწარმოების დირექტორებით, მათი მოადგილეებით და დისპეტჩერებითაც კი. სხვა ერის შვილები თუ მუშაობდნენ დაწესებულებებში, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზი ხელმძღვანელები ვერ წვდებოდნენ მთელს ავტონომიურ რესპუბლიკას27.

"აფხაზებს", სხვა ეროვნებებთან შედარებით, ეძლეოდათ უპირატესობა მილიციაში, ნავსადგურში მუშად მიღების დროს.

ნაციონალიზმის თვალსაჩინო სურათს იძლევა კომკავშირის საოლქო კომიტეტის ცირკულარი ყველა კომკავშირული ორგანიზაციისათვის, სადაც ნათქვამია, რომ კომკავშირში უნდა მიეღოთ მხოლოდ აფხაზი ახალგაზრდები. მართალია, ეს ცირკულარი მოგვიანებით უარყოფილ იქნა, მაგრამ მისი ამ სახით გამოქვეყნება აშკარად აჩვენებს რამდენად იყო შოვინიზმი გაბატონებული ახალგაზრდებშიც28. "საბჭოთა აფხაზეთის" ხელმძღვანელობამ თავისი ეროვნული პოლიტიკით აამხედრა მოსახლეობის სამი მეოთხედი.

რადგან აფხაზს ყველგან და ყოველთვის ენიჭებოდა უპირატესობა, არააფხაზური ეროვნების წარმომადგენელი იძულებული ხდებოდა თავი აფხაზად გამოეცხადებინა (გააფხაზებულიყო), რათა სამსახური ეშოვნა. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ 1926 წლის აღწერის დროს "რამდენიმე ათასმა კაცმა თავისი თავი აფხაზ ეროვნებას მიაკუთვნა. თუმცა მათი ენა იყო არა აფხაზური, არამედ ქართული (მეგრული)"29. მაგალითისათვის, აღარაფერს ვამბობთ ისეთ ქართულ გვარებზე, როგორიცაა გოგუა, ლომია, ნოდია, გულია (დიახ გულიაც), მაგრამ რა ვუყოთ "აფხაზ" წერეთლებს, ახვლედიანებს, აბაშიძეებს, მაისურაძეებს და მრავალ მათ მსგავსთ?! ეს ფაქტი, უდავოდ ნიშნავს აფხაზების მხრიდან ქართველების ასიმილაციას და არა პირიქით, როგორც ამას ხშირად წერენ აფხაზი ავტორები30.

აფსუების გვარების შესახებ არსებულ გადმოცემებში, ლაპარაკია მათ გადმოსახლებაზე აფხაზეთის ჩრდილოდასავლეთი მხრიდან, ანდა დასავლეთ კავკასიის აბაზურადიღეურ ტომებთან ნათესაობაზე. ს. ბასარიას ჩაუწერია 145 წლის მაჟაგვ ადლეიბას ნაამბობი: "აფხაზეთის პირველ მოსახლეებს განეკუთვნებიან გვარები _ აგრბა, ადლეიბა, ინაფშბა... ყველა ისინი გამოვიდნენ "ყირიმიდან" (მხედველობაში აქვს ყარაჩაი)... ჩვენი წინაპრები გადმოსახლდნენ, როცა გაიგეს, რომ აფხაზეთის მოსახლეობა გაიფანტა და იგი უდაბნოდ იქცა"31.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, რომელიღაც დასავლურქართული ჯგუფის გადასვლა მოხდა ადიღეურ მეტყველებაზე. ამ ქართულ ეთნიკურ ჯგუფში იგულისხმება აფხაზთა ის 80%, რომლებიც დღემდე ქართულ გვარებს ატარებენ და იციან აფსუური ენაც, ხოლო "აფხაზი", როგორც ეთნიკური ცნება, ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ეროვნულობის აღმნიშვნელ ცნებად აქცია. ამით აფხაზები _ ძირძველი ქართველები, ხელოვნურად მოგლიჯეს საერთო ქართულ ეროვნულ ორგანიზმს. ასე სჭირდებოდა იმპერიულ პოლიტიკას თავისი კლასიკური პრინციპის გასატარებლად _ "გათიშე და იბატონე"32.

ყოველგვარი კომენტარის გარეშე, ზოგიერთი ქართველის აფსუად (აფხაზად) მონათვლა ხელს უწყობდა გაორებული ქართველების შთაგონებას, რომ ისინი ქართველები არ იყვნენ. ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტად აღვივებდა აფხაზურ სეპარატიზმს და ხელს უწყობდა გააფხაზებულ ქართველებში ანტიქართული ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებას.

დღევანდელ ე. წ. აფხაზთა დაახლოებით 80% ქართულ გვარებს ატარებს, ხოლო 12-13% _ ადიღეურ-ჩერქეზულ-აბაზინურს, ანუ ჩრდილოკავკასიური წარმომავლობისა არიან. თავიანთ თავს ისინი აფსუას უწოდებენ.

80% ატარებს გვარებს: ალანია, მალანია, წერეთელი, ახვლედიანი, ჭკადუა, გურგულია, სანიკიძე, ჩაკვეტაძე, ჭელიძე, აბაშიძე და ა. შ.

12-13% _ ძიბა, არძინბა, ხინტბა, წვიჟბა, თარბა, ბგანბა, ხიკუბა, ბუთბა, შინკუბა და ა. შ.

აფხაზთა 450 გვარიდან 300-ზე მეტი ქართულია და 100-ზე ნაკლები ჩრდილოკავკასიური, დანარჩენები ზოგი თურქია, ზოგი სპარსი, ზოგი რუსი...33

———————————

1 რ. თოფჩიშვილი, კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია, თბ., 2007, გვ. 32-33.
2 გ. გასვიანი, თ. გასვიანი, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები უძველესი დროიდან XX საუკუნემდე, თბ., 2006, გვ. 146-147.
3 მ. ცინცაძე, საქართველოადიღეს ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1982, გვ. 7.
4 ბ. ხორავა, აფხაზთა მუჰაჯირობა, თბ., 2004, გვ. 89.
5 იქვე, გვ. 90.
6 დ. გოგოლაძე, დასახელებული ნაშრომი, გვ. 27.
7 მ. ლორთქიფანიძე, არა უწყიან თუ..., "ლიტერატურული საქართველო", 1990, 16 თებერვალი.
8 გ. გასვიანი, აფხაზეთი ძველი და ახალი აფხაზები, თბ., 1998, გვ. 45.
9 თ. მიბჩუანი, აფხაზური სეპარატიზმის სისხლიან ნაკვალევზე, თბ., 1994, გვ. 19.
10 მ. ცინცაძე, დასახელებული ნაშრომი, გვ. 41.
11 ილია ანთელავა, ლევან II დადიანი, თბ., 1990, გვ. 124.
12 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 460-461.
13 Э. В. Хоштария – Броссе, история и современность. Абхазская проблема в конфликтологическом аспекте, Тб., 1996, с. 86.
14 მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ. თბ., 1989, გვ. 48.
15 თ. ქორიძე, აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათალიკოსოს საზღვრები XVI-XVIIII საუკუნეებში, "კლიო", #12, 2001, გვ. 59.
16 გ. გასვიანი, ქართველი მეცნიერები პავლე ინგოროყვას შეხედულებებზე აფხაზეთისა და აფხაზების შესახებ, თბ., 2003, გვ. 39.
17 ს. ბახიაოქრუაშვილი, აფხაზთა ეთნოგენეზის საკითხისათვის (საგვარეულო სალოცავები), "კლიო", # 7, 2000, გვ. 21.
18 ს. ბახიაოქრუაშვილი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 21.
19 ნ. ბერძენიშვილი, ვ. დონდუა, მ. დუმბაძე, გ. მელიქიშვილი, შ. მესხია, პ. რატიანი, საქართველოს ისტორია, I, თბ., 1958, გვ. 356.
20 Ж. С. Бгажба, Страницы из летописи дружбы, Тб., 1983, с. 73.21 გ. გასვიანი, აფხაზეთი ძველი და ახალი აფხაზები, თბ., 1998, გვ. 3031.
22 Г. Г. Копешавидзе, Культура и быт Абхазов проживающих в Аджарии, Тб., 1985, с. 3.
23 იქვე, გვ. 4.
24 თ. აჩუგბა, აფხაზთა დასახლება აჭარაში, ბათუმი, 1988, გვ. 35-36.
25 ა. თოთაძე, საქართველოს დემოგრაფიული პორტრეტი, თბ., 1993, გვ. 65.
26 საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი (შემდეგში სუიცსა), ფ. 284, ანაწ, 2, საქ. 640, ფურც. 24, 25.
27 რ. მიმინოშვილი, გ. ფანჯიკიძე, დასახელებული ნაშრომი, გვ. 77.
28 სპა, ფ. 14, ანაწ. 2, საქ. 485, ფურც. 52.
29 Н. А. Лакоба, Статьи и речи, сухуми, 1987, с. 213.
30 რ. მიმინოშვილი, გ. ფანჯიკიძე, დასახელებული ნაშრომი, გვ. 50-51.
31 ბ. ხორავა, დასახელებული ნაშრომი, გვ. 141.
32 თ. მიბჩუანი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 16.
33 თ. მიბჩუანი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 15.

(ავთანდილ სონღულაშვილი)

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента